“ფეიბოქსის” მარტვილობა მარტვილში

ბუნებაში, ალბათ არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარების გზა მეგრელმა კაცმა არ მოიფიქროს. ქვეყანაში შესანიშნავ მდგომარეობაში მყოფ კრიმინალსაც მეგრელებმა თავისებური ტაქტიკა დაუპირისპირეს.

დაუსჯელობის განცდით შეპყრობილი კრიმინალები იპარავენ ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებათ და რისი მოპარვაც შეიძლება. მათი რისხვა თავს სწრაფო გადახდის აპარატებსაც დაატყდათ.

დედაქალაქში კვირა არ გავა ისე, სადმე სწრაფი გადახდის აპარატი არ გაძარცვონ. ან დისლოკაციის ადგილიდან არ წაიღონ და მერე გაძარცვული სადმე ბნელ კუთხეში მიაგდონ.

ეს ტრადიცია საქართველოს რეგიონებშიც კარგად აითვისეს. იქ უფრო ადვილია სწრაფი გადახდის აპარატთან გამკლავება. დედაქალაქისგან განსხვავებით, რეგიონებში პოლიცია ყოველწუთს არ დადის.

ამ მხრივ გამონაკლისი ვერც სამეგრელო იქნებოდა. ეგღა აკლდათ აქაურ ჯიბგირებს სხვა კუთხის ჯიბგირებს გაესწროთ მათთვის რამეში. რამდენიმე წლის წინ აქ სწრაფი გადახდის აპარატი სენაკის სამხედო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაქურდეს. მსგავსი ფაქტები რეგიონის სხვა რაიონებშიც დაფიქსირდა.

გამონაკლისი ამ მხრივ არც მარტვილია, მაგრამ აქ ძალიან წინდახედული ხალხი აღმოჩნდა. აკი ვთქვით, არ არსებობს პრობლემა, რომელის მოგვარების გზა მეგრელმა კაცმა არ გამონახოს.

ეს რომ ასეა, ამის დასამტკიცებლად გთავაზობთ დღევანდელ ფოტოს, რომელიც მარტვილში გადავიღეთ. სწრაფი გადახდის აპარატი კედელზე ისე მიაბეს, როგორც კავკასიონზე ამირანი.

იმისთვის რომ მიბმული აპარატი არ გაქურდონ, დამატებით ფეიბოქსს ბოქლომიც დაადეს. „თაიმერმა“ მარტვილში გადაამოწმა, ეს ბოქლომი დაბოქლომების აქციის დროინდელი ხომ არ იყო, მაგრამ იქაურებმა ეს ვერსია კატეგორიულად გამორიცხეს.

და დგას ახლა მარტვილში ამირანივით მიჯაჭვული და პარლამენტის შენობასავით დაბოქლომებული სწრაფი გადახდის აპარატი, კი მარტვილობს, მაგრამ სამაგიეროდ ფულს ვერავინ წაართმევს.

შორენა მარსაგიშვილი  

banner
წინა სტატიაშიდავით ქაცარავა: მოცემულ ვიდეოზე ჩანს, როგორ უპრობლემოდ კვეთენ ოკუპანტები მათ მიერვე დაწესებულ საოკუპაციო ხაზს და გადმოდიან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება