,,პედაგოგი, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად „ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით აქვს ფოტო გადაღებული, სულ მცირე საყვედურს მიიღებს”

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, შუახევის სკოლის პედაგოგი, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად სურათი „ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით აქვს გადაღებული, სულ მცირე, საყვედურს მიიღებს.

როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, მას ამ საკითხზე კომუნიკაცია აჭარის განათლების მინისტრთან და პარტიის მმართველ გუნდთან აქვს.

„ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პედაგოგი „ქართული ოცნების” აქტივისტი არ არის და დასადგენია, რეალური მოტივები, რატომ აღმოჩნდა “ქართული ოცნების” დროშები დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან. ქვეყანაში რაც არ უნდა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, სკოლაში პოლიტიკა შეიტანოს.

აღნიშნული საქმე დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საგანმანათლებლო სისტემის დეპოლიტიზაცია მოხდა და ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, სკოლებში შეხვედრა არ ყოფილა. კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით დასადგენია კონკრეტული გარემოებები და მოტივები.

პედაგოგისთვის, სულ მცირე, საყვედური იქნება გათვალისწინებული, მაგრამ კომიტეტის გადაწყვეტილებას დაველოდოთ”, – დასძინა ჯაშმა.

banner
წინა სტატიაშიდმანისის გამგებელი თვითმმართველობის არჩევნებში „შენების მოძრაობის“ სახელით მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიამოსწავლეები “ქართული ოცნების” დროშებით – ჯეჯელავა აცხადებს, რომ ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია