არჩევნები არის უნივერსალური ტესტერი, იგივე ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც შესანიშნავი საშუალებაა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში ამომრჩევლის „მჟავიანობის“ განსასაზღვრად.
მაგალითად, სკამმადიდებლებისა და სკამთაყვანისმცემლების „სამომავლო გეგმების“ განსაზღვრა ძალიან მარტივია, უნივერსალური ტესტერის გარეშე – თაყვანს სცემენ სკამს და შესაბამისად, მოცემულ მომენტში სკამზე მჯდომს. ამიტომაა, რომ დღეს ისინი, ვინც გუშინ ღარიბაშვილს ეთაყვანებოდნენ, გუშინწინ კი გახარიას, დღეს კობახიძის ნაკვალევს ლოკავენ. პარტიამადიდებლები ერთუცნობიანი განტოლებასავით არიან, საფლავში მიყვებიან პარტიას და პარტიის სახელით „ხალხი ჩვენ ვართ“, გაჰყვირიან ხმის ჩახლეჩვამდე, მაგრამ – არჩევნები „თავის შვილებს ჭამს“, ხრავს და ნაგავსაყრელზე მოსვრის.
X თაობაში ვინმე თმას თუ გაიჩეჩავდა, ეგრევე მიახლიდნენ თანატოლები: “რა ანჟელა დევისივით ხარ”, “ვა, ანჟელა”. X თაობას ლოზუნგიც – Свободу Анджеле Дэвис! ახსოვს, მაგრამ მსოფლიოში ცნობილი მარქსისტი აფროამერიკელი საქართველოში ლოზუნგით და გაჩეჩილი თმითაც აღარ ახსოვთ, მიუხედავად იმისა, ანჟელა დევისს სიმღერები მიუძღვნეს: ჯონ ლენონმა Angela, ალბომიდან Some Time in New York City; The Rolling Stones-მა სინგლი Sweet Black Angel. მასზე სიმღერა – Angela, შეასრულა ცნობილმა ფრანგმა ჩოგბურთელმა და პოპ-სოულ მომღერალმა იანნიკ ნოამ. არსებობს შოკოლადის რეცეპტიც – “ანჟელა დევისი”. საქართველოში კი არავის ახსოვს.
სად არჩევნები, ლაკმუსის ქაღალდი და სად ანჟელა დევისი, მით უმეტეს, სტატიის თემა? არანაირი საერთო, უბრალოდ, გაგახსენეთ მარქსისტი პედაგოგი, აკადემიკოსი ანჟელა. გაგახსენეთ იმიტომ, რომ ეს სტატიაც პედაგოგებს ეხებათ – ყველას არა, უმეტესობას, ამდენად, ისინი, ვინც „თავს ვერ იცნობთ“, ნუ აღელდებით. სტატია ეძღვნება პედაგოგებს, რომელთაც 40 წელი უდაბნოში ხეტიალიც კი ვერ გამოასწორებთ. დიახ, უხეშად ნათქვამია, მაგრამ ფაქტია.
ზემოთ მოგახსენეთ, არჩევნები ლაკმუსის ქაღალდია-თქო და ასეცაა. მაგრამ ამ უნივერსალური ტესტერისთვისაც კი გამოცანად რჩება ქართველი პედაგოგის „ფენომენი“.
90-იანი წლებიდან დღემდე, პედაგოგი არის იქ, სადაც დგას ხელისუფლება. ერთადერთი არჩევნები, როცა მასწავლებლებმა მხოლოდ საარჩევნო ყუთთან გამოხატეს პოზიცია, იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლო, საბჭოთა საქართველოში ბოლო არჩევნები. კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან იწყება მასწავლებლების არჩევნებში „გადაშვება“. თითქოს ეძინათ, უცებ გამოფხიზლდნენ და ისინი, ვინც, საქართველოს დამოუკიდებლობამდე რამდენიმე წლით ადრე, კომუნისტური პარტიისთვის მუხლჩაუხრელად „იღწვოდნენ“, უცებ გახდნენ „საბჭოთა ასკოლკის“ შევარდნაძის მეხოტბენი. შემდეგ, როცა შევარდნაძეს მისივე გაზრდილი წიწილები დაუპირისპირდნენ, მასწავლებლები „აკრიახებულ აღზრდილებს“ ისეთივე ენთუზიაზმით უკრავდნენ ტაშს, როგორც „თეთრ მელას“.
რატომ არიან ყველა ხელისუფლების სამიზნენი პედაგოგები და როგორ ხვდებიან საჭირო დროს საჭირო ადგილზე, როგორ არიან ყველა ეპოქაში საჭირო ხალხი, საჭირო პროფესიით. ძალიან მარტივია – პედაგოგი მომავალ თაობებს ზრდის. ახალგაზრდობა კი ქმნის პოლიტიკურ ამინდს. არავითარი ხელისუფლება, მხოლოდ ახალგაზრდობა.
ახალგაზრდობა გამოვიდა ქართული ენის დასაცავად, ახალგაზრდობა გამოვიდა 9 აპრილს, ახალგაზრდობა იდგა საქართველოში წარმოებული ყველა ომში წინა ფლანგზე. ახლაგაზრდობა დგას დღესაც ქუჩაში. და ამ ახალგაზრდობაზე ნადირობს ხელისუფლება, ისინიც, ვინც ხელისუფლებას უმიზნებენ. აი, სწორედ აქაა მასწავლებლის „ამაგი“ ყველაზე საჭირო. ვინც მასწავლებელს „ჩაიდებს ჯიბეში“, მომავალი მისია – „პურის შემდეგ, ხალხისთვის ყველაზე აუცილებელი რამ სკოლაა“ და „სკოლა არის სახელოსნო, სადაც ყალიბდება ახალგაზრდა თაობის აზრები, თუ არ გინდათ, რომ მომავალი ხელიდან გაუშვათ“.
ვინ ვინ და მასწავლებელმა ძალიან კარგად იცის თავის ფასი. პარტიებმა კი სკამის ფასი იციან.
რამდენიმე დღე და არჩევნები მოგვიკაკუნებს კარს. რამდენი პარტიაც იყრის კენჭს, იმდენი დამკვირვებელი დგას საარჩევნო უბანში, უმეტესწილად პედაგოგები.
რთულად წარმოსადგენი სულაც არაა, კოლეგები, ერთი სკოლის პედაგოგები, სხვადასხვა ფლანგზე მებრძოლნი, ერთმანეთს რომ დაერევიან და ამას მათი მოსწავლეები შეხედავენ, რას იფიქრებენ ისინი.
სად, როგორ და როდის გაქრა პედაგოგის „პეწი“. მაშინ ხომ არა, როცა, ახალგაზრდობა ენას იცავდა და მათი კომუნისტი მასწავლებლები „ბუნტისთავი“ მოსწავლეების სიებს ადგენდნენ? მაშინ ხომ არა, აპრილის აქციების დროს მიკროფონს რომ არ აციებდნენ მასწავლებლები და თავიანთ აღსაზრდელებს „ექსტრემისტებს“ აყოლილებს ეძახდნენ? ან ეგებ გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდობას, რაკი „ზემოდან“ სატანისტები დაუძახეს, ქვემოდან მასწავლებლებმა “დაბრო“ რომ მისცეს? არა, ასე ცალ-ცალკე არა, ერთად, ერთობლიობაში. დღეს მასწავლებელი ცალკე დგას, მოსწავლე – ცალკე. და ეს არაა ე.წ. მამათა და შვილა ბრძოლა. ის, სხვა იყო და იქ, საქართველოს ისტორიაში ტიტანების სახელით შესული ადამიანები „ხმალაობდნენ“, საქართველოსთვის, მომავალი თაობისთვის და არა სკამზე დასკუპულებისთვის, მათ სასიამოვნოდ.
რა დაიჭირეს პედაგოგებმა ამ ხეტიალში, გარდა იმისა, რომ როცა დაუძახებენ ჰოპ-სტოპზე დგანან?
გამოცდებიო და პირველად ლოტოტრონი დატრიალდა და დოლიდან ის პედაგოგები ამოყარა, ვინც ხელისუფალთან გადაფსკვნილი იყო. გადაუფსკვნელები გარეთ დარჩნენ. მოვიდა დრო და გადაუფსკვნელებმა ისევ სცადეს ბედი. ძველი გადაფსკვნილების ნაწილი, ახლებმა ჩაანაცვლეს. არჩევნებმა შეჭამა თავისი შვილები და გამოჩეკა ახლები. გადაყრილები დაბალ პოზიციაზე, ამოტივტივებულები – წინ. და მოსწავლეები ყოველდღე უყურებენ პოლიტიკის გამო მათი მასწავლებლები როგორ ჩხუბობენ, იშვიათ შემთხვევაში კამათობენ. გაჩნდა ახალი ტერმინი – ეს მასწავლებელი ნაცია და არ მინდა. ეს მასწავლებელი ქოცია და არ მინდა. მეტიც, რუსული კანონის მიღების დროს, ერთმა მასწავლებელმა თავის მოსწავლეს, დეპუტატის შვილს სოცქსელში, ფოტოზე დაუკომენტარა – გამყიდველის შვილო. არადა, მამის ცოდვებზე მის არასრულწლოვან შვილს პასუხი როგორ უნდა მოსთხოვო მასწავლებელმა?!
ცოტა ხნის წინ, აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ამილახვარმა, გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებს „დიპლომები“ თავზე გადაახია და ბრძანა – ანაზღაურება საათობრივი იქნებაო. ასე „გააიმასქნა“ ფიზაღზრდის მასწავლებელმა ქართულ ენაში საათები, ხოლო ხატვის მასწავლებელმა მატემატიკაში, ასე გახდნენ დირექტორობაზე მეოცნებე გამოცდაჩაუბარებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები. სკოლაში კი, მოსწავლე უყურებს მისი პედაგოგები საათების გამო როგორ ხოცავენ ერთმანეთს. მეტიც, მოსწავლემ გაიგო, რომ ქულები (ნიშნები) არაფერ შუაშია, მთავარია „გაგება“. და დღეს, გამოცდებზე რომ იჭრებოდნენ მასწავლებლები, მათ მეტი საათები აქვთ, ვიდრე გამოცდაჩაბარებულებს. რატომ? იმიტომ, რომ იმ გამოცდაჩაბარებულებმა პარტიული გამოცდა ვერ ჩააბარეს, ამჯერად. რაღაც „შეეშალათ“. თან ახალი სახეები იყო საჭირო პარტიისთვის, ძველი სახეები დაძველდა, გაიცრიცა. აი, ამ კასტისთვის დაიჩაგრნენ ის მასწავლებლები, რომელთაც პარტიამ „გასაღები“ ვერ მოუძებნა. თორემ, ჩარეცხილები და ამოტივტივებულები კი არიან მშვენივრად, საჭირო დროს, საჭირო მომენტში ისევ დაუძახებენ და ისევ ძალიან საჭირონი გახდებიან, დროებით მაინც. არც გაწითლდებიან ისე გადაიყვლეფენ მუხლისთავებს.
რატომ? იმიტომ რომ ამ აყვავებულ ქვეყანაში, ეკონომიკა რომ დუღს და გადმოდუღს, სინამდვილეში გაჭირვება მეფობს და მიხვდნენ პედაგოგები, ჩათრევას ჩაყოლა რომ სჯობს.
ჰოდა, პედაგოგებო, სწორდით, სმენა! ნაბიჯით იარ!
და, მაინც, რა შუაში იყო ანჯელა დევისი? შუაში კი არა, თავშია. თავის პროფესიას, თავის გზას, თავის არჩევანს არ უღალატა! აი, ამაშია საქმე!
პ.ს. კიდევ ერთხელ ვიტყვით, პედაგოგებს, რომელთაც არ ეხებათ სტატია, თავის თავზე ნუ მიიღებენ. მეტიც, ვისაც ეხებათ, მათ დასაცავად ნუ გაირჯებიან. ისინი ისედაც დაცულები არიან.
www.timer.ge/ ბერდია კალანდია