„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიერ საპატიმროდან გავრცელებულ კრიტიკულ წერილს ეხმიანება.
მელიამ სააკაშვილი მის მიმართ „წლობით არსებულ ეჭვიანობასა“ და „ეგოისტურ ინტერესებში“ დაადანაშაულა, რასაც ფავლენიშვილმა ტვ პირველთან საუბრისას ლადო ასათიანის ცნობილი ფუნაგორიით უპასუხა: „აგიაშვილსა ნიკასო, ან ნაყვარება პიკასო. გადარეულა პიკასო, რა დავუშავე ნიკასო“.
ენმ-ს წევრის შეფასებით, ოპოზიციონერებს, რომლებიც მესამე პრეზიდენტს უპირისპირდებიან, მთავარი სამიზნე აქვთ არეული.
„მართლა ამას მახსენებს ყველა ეს განცხადება, რადგან ამ ადამიანებს უბრალოდ სამიზნე აქვთ არეული. პუტინის და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი არის კაცი და მასთან ბრძოლა ნამდვილად მახსენებს ამ ლექსს. არ აინტერესებს ხალხს ეს გარჩევები, მთავარი არის გავასწოროთ სამიზნე და ვებრძოლოთ ივანიშვილის რეჟიმს“, — განაცხადა ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილმა კატეგორიულად უარყო მელიას ბრალდება ექსპრეზიდენტის მხრიდან ეჭვიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე კონსტრუქციულ ფიგურად რჩება.
„ეჭვიანობის ნაწილზეც ეს ლექსია პასუხი — არავინ არავისზე არ ეჭვიანობს. მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ აქვს სხვა პოლიტიკოსებზე საეჭვიანოდ საქმე. მის კონკრეტულ მოსაზრებებს არ უნდა ვუპასუხოთ ხოლმე ისტერიით, არამედ საქმიანი საუბრით, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველას მიმართ ამჟღავნებს კეთილგანწყობას და თანამშრომლობის სურვილს“, — აღნიშნა ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიკა მელიამ სააკაშვილის მისამართით მწვავე წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც“ და დაამატა, რომ სადაც მესამე პრეზიდენტია, იქ ქვეყნის ინტერესის ნაცვლად მხოლოდ ეგოისტური მიზნები დგას.
















