პავლე კუბლაშვილი პოლიტიკიდან მიდის – “შევხვდებით აუცილებლად, ახლა უკვე კერძო სექტორში”

პავლე კუბლაშვილი „ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ რიგებს ტოვებს და საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს.

ამის შესახებ კუბლაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მეგობრებო 24 ნოემბერს დარეგისტრირდა ჩემი კომპანია Key Points Consalting-ი. კომპანიის მიზანია იურიდიული კონსულტაციების, საადვოკატო მომსახურების გაწევა და ბიზნეს ინიციატივების ლობირება.

არ ვაპირებ პარალელურად საჯარო პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას. ეს ხელს შეუშლიდა ჩემ საქმიანობასაც და პარტიასაც.

ამიერიდან, ნებისმიერი საჯარო განცხადება ჩემი მხრიდან იქნება პირადად ჩემი პოზიცია და არა “გირჩის” ხედვა.

ვრჩები “გირჩის” რიგით მხარდამჭერად და ყოველთვის ვიქნები ზურა ჯაფარიძის და თითოეული „გირჩელის“ გვერდით. ვრჩები იმ იდეების ერთგული, რასაც „გირჩი“ ემსახურება და რასაც მარტივად ჰქვია – მეტი თავისუფლება.

98 წლიდან თითქმის უწყვეტად ვარ საჯარო სამსახურში, 2005 წლიდან ვიყავი პარლამენტის წევრი. დადგა დრო, როდესაც პოლიტიკიდან კერძო სექტორში უნდა გადავინაცვლო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც, ან ვისთან ოპონირებისას მიმიღია მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებში.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომელთა გარეშეც მე ვერ ვიქნებოდი საჯარო ფიგურა.

შევხვდებით აუცილებლად, ახლა უკვე კერძო სექტორში“, – აცხადებს პავლე კუბლაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეებზე ახდენენ ზეწოლას…მათი საერთო სახელი არის ბიძინა ივანიშვილი-ნინია კაკაბაძე “რუსთავი2”-ის საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატიაპრემიერმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა