პავლე კუბლაშვილი: ხათუნა ლაგაზიძეს არ მოეწონა საარჩევო სიაში ადგილი და ახლა თანამებრძოლებს ტალახს ესვრის

პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის “ ყოფილი წევრის ხათუნა ლაგაზიძის წავლის მიზეზად პავლე კუბლაშვილი საარჩევნო სიაში მისთვის არასასურველ ადგილს ასახელებს.

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, პაატა ბურჭულაძის ირგვლივ ძალიან ბევრი პროფესიონალია გაერთიანებული და შესაძლებელია სიაში „ვიღაცისთვის ადგილი არ იყო“.

„ხათუნა ლაგაზიძეს საარჩევნო სიაში არ მოეწონა თავისი ადგილი, ამის გამო გავიდა პარტიიდან და ახლა თავის თანამებრძოლებს ტალახს ესვრის, ეს არის ყველაზე ცუდი საქციელი, რაც შეიძლება პოლიტიკოსმა ჩაიდინოს. ამ პარტიაში, პაატა ბურჭულაძის ირგვლივ არის ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანი და შეიძლება ვიღაცის ადგილი არ იყო სიაში, რადგან გაცილებით ძლიერი კადრებით არის წარმოდგენილი პაატა ბურჭულაძის პარტია ამ ბლოკის სააარჩევნო სიაში, შესაბამისად პრეტენზიები უფრო საკუთარ თავთან უნდა ჰქონდეს. ქალბატონი ხათუნა ამბობს, რომ სანამ მისი სიის საკითხი გადაწყდებოდა, პაატა ბურჭულაძე ხალხს უსმენდა და რახან ის არ მოხვდა სიაში, პაატა ბურჭულაძე გაემიჯნა ხალხს. ასეთი ყალბი ბრალდება ყველასთვის ნათელი და უსაფუძვლოა”,- განაცხადა კუბლაშვილმა.

კითხვაზე – მერამდენე იყო ხათუნა ლაგაზიძე საარჩევნო სიაში, პავლე კუბლაშვილი პასუხობს, რომ არ იცის, ვინაიდან სიის შედგენასთან კავშირი არ ჰქონია.

„არ მაქვს ინფორმაცია მერამდენე იყო ლაგაზიძე. მართლა ჩემი დაწერილი არ გეგონოთ ეს სია“,- აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა და განაცხადა, რომ პარტიის საარჩევნო სია პავლე კუბლაშვილისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეწოლის ქვეშ შედგა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) “პაატა ბურჭულაძის პარტიამ “სახელმწიფო ხალხისთვის” საარჩევნო სია კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ზეწოლით დააკომპლექტა”
შემდეგი სტატიაუზბეკეთის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი დასახელდა