პავილიონისი: საქართველო უნდა იყოს თანმიმდევრული თავისი დაპირებების განხორციელებაში

ჩვენ გვქონდა ბევრი პარტიის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც არის საგზაო რუკა საქართველოსთვის, რომ წინ წაწიოს ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, აღნიშნული საგზაო რუკა შესრულდება პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის მიერ.

ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს თანმიმდევრული თავისი დაპირებების განხორციელებაში.

„ეს არ არის ჩემი შეშფოთება, ეს ევროპული და ტრანსატლანტიკური შეშფოთებაა. ჩვენ გვქონდა ბევრი პარტიის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, მათ შორის „ქართული ოცნების“. ეს არის საგზაო რუკა საქართველოსთვის, რომ წინ წაწიოს ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს საგზაო რუკა შესრულდება პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის მიერ. ჩვენ შევთანმხდით, რომ მექნებოდა შეხვედრა ვიოლა ფონ კრამონთან, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების, საქართველოს და საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფების კარგი მეგობარია, რადგან ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, თუ როგორ უნდა გაიაროს ეს გზა საქართველომ. არის საუბრები, რომ შესაძლოა, ზოგიერთ სფეროში საქართველოსთვის ჩვენი დახმარება პირობითი გახდეს ამ რეფორმებთან დაკავშირებით. თუ საქართველო არ ასრულებს დაპირებულ რეფორმებს, მაგალითად მართლმსაჯულების სფეროში, რატომ უნდა დავაფინანსოთ ჩვენ ეს რეფორმები. ჩვენ ახლა ჩვენი პოლიტიკის ფორმულირებას ვახდენთ, რაც იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენი დახმარება უპირობო არ არის.

დასავლეთში, როდესაც სიტყვას აძლევ, რომ აკეთებ რეფორმებს, შენ ასრულებ რეფორმებს და პარტნიორებს შეუძლიათ, გენდონ. იმ შემთხვევაში, როდესაც პარტნიორებს არ შეუძლიათ, გენდონ, როგორ შეგვიძლია ჩვენ, წინ წავწიოთ საქართველოს მისწრაფებები. ქვეყნები, როგორიცაა ლიეტუვა, ან პიროვნება, როგორიცაა ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც წარმოადგენს მწვანე პოლიტიკას ევროპარლამენტსა და გერმანიაში, ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მართლა მხარს უჭერენ დემოკრატიებში ჩართულობას აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ამ რეფორმების ლიდერი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო უნდა იყოს ძალიან თანმიმდევრული თავისი დაპირებების განხორციელებაში. საქართველოში ჩემი არაოფიციალური სტუმრობის ბოლო დღეა და სამწუხაროდ, გვაქვს ეს მოულოდნელი განცხადება მთავრობისგან. ამან ჩვენი შოკირება გამოიწვია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა დაპირებას, რადგან ეს ყველაფერი შეთანხმებულია. თუ მათ სურთ, რომ ლიეტუველების და სხვების მხარდაჭერა ჰქონდეთ ამ გზაზე, ისინი პატიოსნად უნდა მოიქცნენ“, – აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე შარლ მიშელს: ვადასტურებთ მზაობას, თქვენთან ერთად მივიღოთ კონსულტაციებში მონაწილეობა