„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ნაბიჯი გადაედგა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ნაბიჯი გადაედგა.

თევდორაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გააცნობიერა ამ პროცესში დასავლელი პარტნიორების ჩართულობა.

„სამწუხაროდ, დღეს ,,ქართული ოცნება“ ვერ აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადაედგა იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც თავად შეიყვანა ქვეყანა. მან ვერ გააცნობიერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში.

ის საერთოდ არ აღმოჩნდა მზად ამ მოლაპარაკებებისთვის. მინდა, გითხრათ, დღეს ჩვენ ვიყავით კონსტრუქციულები, ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა შეთავაზება გვქონდა, კონსენსუსითვის მზად ვიყავით, რადგან რამდენჯერმე შევთავაზეთ უფრო შერბილებული ვარიანტები იმისა, როგორ მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე, თუნდაც გარკვეული დათქმებით, მაგრამ ხელისუფლება არც ერთი ნაბიჯისთვის, პოზიტივისთვის მზად არ აღმოჩნდა. ალბათ, საინტერესოა, თუ რა გვაძლევდა იმის საფუძველს, გასული ორი დღის მანძილზე ჩვენ გვესაუბრა იმაზე, რომ მოლაპარაკებების დროს გარკვეული პოზიტივი გვქონდა. ამის საფუძველს გვაძლევდა ის, რომ ჩვენ დავიწყეთ შედარებით მარტივი თემებით, როგორიც იყო საარჩევნო გარემო და სისტემა, რომელიც ჩვენთვის ვადამდელი არჩევნების შემდეგ თანმდევ პროცესად ითვლება. ამ შემთხვევაში ,,ქართული ოცნების“ მზაობა, ყოველ შემთხვევაში, დეკლალირების დონეზე იყო, ეს გვაძლევდა სწორედ პოზიტიური ფიქრის საფუძველს, მაგრამ დღეს ვნახეთ, რომ ,,ქართული ოცნება“ არ იყო მზად მთავარი საკითხის რაიმე ფორმით გადასაწყვეტად, არათუ სრულად, არამედ რაღაც ფორმით.

მე არ მსურს, კოლეგების ნაცვლად ვისაუბრო, ვიტყვი მხოლოდ ჩემს პოზიციას – ევროკავშირის მხარის მიერ რამდენიმე ვარიანტი იყო შემოთავაზებული იმ ექვსპუნქტიანი მოლაპარაკებისა, რომელზეც დამატებით ორი შენიშვნა მქონდა. მე გამოვაცხადე, რომ თუ ეს იქნება გათვალისწინებული, ხელს მოვაწერ დღეს. ხელი არავის არაფერზე მოგვიწერია, რადგან ასეთი მზაობა ხელისუფლებისგან ვერ გამოჩნდა“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

გოჩა თევდორაძის განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსი“ პირველ რიგში ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

„პატრიოტთა ალიანსი“ პირველ რიგში ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ, ჩვენთვის უმთავრესი ესაა, მაგრამ ხელისუფლება არც ერთი მთავარი საკითხის გადასაწყვეტად მზად არ აღმოჩნდა. არავითარი არგუმენტი მათ არ აქვთ, ერთადერთი არგუმენტია, რომ არ სურთ და ვერ ათვიცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნის წინაშე აქვთ“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამაუკა ხაზარაძე: მეტ ვარდნას, რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს!
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს