„პატრიოტთა ალიანსი“: ოქრუაშვილი ახალგაზრდებისთვის ლუდს ყიდულობდა და მათთან ერთად მიირთმევდა

გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ნოზაძე ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. როგორც ნოზაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოქრუაშვილმა ამომრჩევლებს ლუდი და საკვები პროდუქტი უყიდა:
”წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხდებოდა ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან სხვადასხვა უბანში ახალგაზრდებისთვის ლუდის ყიდვა და მათთან ერთად მირთმევა, თუმცა ოქრუაშვილი ამას არ დასჯერდა და კობინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე 11, 13 და 15 ნომერ კორპუსებში მცხოვრებლებისთვის პროდუქტები მიიტანა ამანათის სახით. ეს არის საშინელება. ჩვენ ვერ გამოვედით პოსტსაბჭოთა სივრციდან და ხდება ამომრჩევლის „ყიდვა“. ეს გახლავთ დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლის შესაბამისად და აუცილებლად პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ამანათები გადასცა ამომრჩეველს. ამასთანავე სასამართლოს მიერ უნდა მოიხსნას ოქრუაშვილის კანდიდატურა”, – განაცხადა გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა ნოზაძემ.
მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებით მან პროკურატურას უკვე მიმართა. ბრალდებას ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბიდან ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: ხელისუფლებამ ჩვენზე ტოტალური შეტევა დაიწყო
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ქალაქ დიჟონში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა