ნატოში აღარ სჯერათ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება ნამდვილად უნდა. ამ განცხადებას პატრიკ ტერნერი აკეთებს.
ალიანსის გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე, რომელიც ახლა უკრაინაში ნატოს წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს, “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ საქართველოს ჰქონდა მკაფიო დაპირება, რომ გახდებოდა ალიანსის წევრი, მაგრამ ხელისუფლებამ გეზი შეცვალა, რის გამოც უნდობლობა გაჩნდა.
საქართველოს ჰქონდა მკაფიო დაპირება, რომ ნატოს წევრი გახდებოდა, მაგრამ როდესაც ნატოში გაწევრების მოწადინე ქვეყნები თავიანთ მიდგომებსა და გეზს ცვლიან… როდესაც შიდაპოლიტიკური ცვლილებები იწვევს დანარჩენი წევრების უნდობლობას, როდესაც მათ აღარ სჯერათ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია, ამას რა თქმა უნდა, მოჰყვება შედეგები. ნატო არ სჩვევია ზეწოლა, ის ძალით არავის მიათრევს ალიანსში. ნატოს მიდგომა ასეთია, რასაც ვხედავთ კიდეც უკრაინასთან მიმართებაში, არსებობს სტანდარტები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ, ამის შემდეგ კი ალიანსი იმსჯელებს და კონსენსუსზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას. და რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრებას, ვფიქრობ, სტანდარტებსაც რომ აკმაყოფილებდეთ, ეს მაინც რთული გამოწვევა იქნებოდა, როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე თავად საქართველოსთვის, – განაცხადა პატრიკ ტერნერმა.