პატრიარქის სპიკერი: გავრილოვმა გვითხრა, რომ არასდროს აუღია იარაღი საქართველოს წინააღმდეგ

პატრიარქის პრესსპიკერის ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვა იყო “უაღრესად ღირსეული”. მისივე თქმით, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა უთხრა, რომ არასდროს აუღია იარაღი საქართველოს წინააღმდეგ.

“იმის გათვალისწინებით, რომ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, ამჟამად მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა იყო უაღრესად ღირსეული.

ბ-ნი ი.კობახიძის სიტყვა შეიცავდა მკაფიო მინიშნებებს, რომ ქვეყნებისათვის მართლმადიდებლობის დეკლარირება არაფრის მომცემია, თუ ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა, ხელყოფს მეორე მართლმადიდებლური ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. და ისეთი ფორმატი, როგორიცაა საპარლამენტო სამიტი, ამგვარი უსამართლობის აღმოფხვრას უნდა უწყობდეს ხელს.

საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები შევხვდით და ვესაუბრეთ თავად ს. გავრილოვსაც. ჩვენის მხრიდან ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ეკლესიისათვის არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება და გადავეცით მთელი მოსახლეობის წუხილი და აღშფოთება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მათივე სახელითაც ვთხოვეთ ზოგიერთი განმარტება.

მათ შორის ვკითხეთ, ხედავს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმ მოცემულობაში, როდესაც კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღიარა.

რუსეთის დუმის დეპუტატმა განგვიცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ეს მოხდეს დიალოგის საშუალებით. საუბარში მონაწილეობდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე გრიგოლი (კაცია) და მე.

ს.გავრილოვმა საჭიროდ ჩათვალა და ასევე განგვიმარტა, რომ არასოდეს აუღია ხელში იარაღი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც ამის შესახებ ვრცელდება ინფორმაციაო.

მიღების დასასრულს უკრაინის ელჩთან გვქონდა საუბარი საერთო სატკივარზე რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში” – წერს ჯაღმაიძე Facebook-ზე.

მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. დელეგატებს მიმართა საქართველოს პატრიარქმაც.

20 ივნისს კი, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გადაწყდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდებოდა.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და “ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება”. განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: “გავრილოვის კრიზისი” – საქართველოს დეოლიგარქიზაციის დასაწყისი!
შემდეგი სტატიაგახარია უნდა გადადგეს, კობახიძე უნდა გადადგეს, გომელაური უნდა გადადგეს – გრიგოლ ვაშაძე