პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით დღეს, საპატრიარქოში ტრადიციული საყოველთაო მიღება არ გაიმართება

4 იანვარი სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქს 85 წელი შეუსრულდა. როგორც “თაიმერს” საპატრიარქოში განუცხადეს, ამასთან დაკავშირებით დღეს, პატრიარქის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის. საპატრიარქოში არც ტრადიციული საყოველთაო მიღება გაიმართება, რომლის დროსაც მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები უწმინდესს იუბილეს ულოცავდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ს ლოცვა- კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2 ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.

banner
წინა სტატიაში“ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს,” – პრემიერი პატრიარქს იუბილეს ულოცავს
შემდეგი სტატიაექიმი – თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, თუმცა გასული დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრი გაუარესება არ ყოფილა