სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს,– თქვა პატრიარქმა შიო მესამემ დღევანდელი ქადაგებისას.
,,მხოლოდ იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც. ასეთი ადამიანი ხვდება, რომ სულ სხვაგვარად უნდა იცხოვროს – პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან სწორედ ეს თვისებებია, რომლებიც გზას გვიკვალავენ ამქვეყნად კეთილდღეობისკენ, სიხარულისკენ, ბედნიერებისა და სულის ხსნისკენ. […]
დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბევრ რამეზე. ხშირად ვლაპარაკობთ სამართლიანობაზე. ჩვენც გვიჩნდება ეს შეკითხვა, თუ რამდენჯერ ვაპატიოთ ჩვენს მოყვასს, ვინც შეგვცოდა, ვინც გვაწყენინა რამით, ვინც გვემტერება, მაგრამ სხვა შეკითხვას არ ვსვამთ: როდემდე უნდა მაპატიოს ღმერთმა? განა შვიდჯერ შევცოდე ღმერთს და ჩემს მოყვასს? როდემდე უნდა მქონდეს ღმერთის პატიების იმედი? გაუთავებლად ვევედრებით უფალს წყალობას და პატიებას, ჩვენს მოყვასებს კი არ ვპატიობთ და ასეთი საქციელი დიდ საფრთხეში ვიგდებთ თავს.
რაში მდგომარეობს საფრთხე, დღევანდელი იგავიდან გამომდინარე? ღმერთი გაგვკიცხავს ასეთი საქციელის გამო და ჩვენს ცოდვებს არ გვაპატიებს. ეს საფრთხე ძალიან ხშირად ხორციელდება ჩვენს ცხოვრებაშიც, მთელ მსოფლიოშიც. ადამიანები კარგავენ სიხარულს, ბედნიერებას, კეთილდღეობას, არა მხოლოდ სულიერს, არამედ ზოგჯერ ელემენტარულ მატერიალურ კეთილდღეობასაც სწორედ იმის გამო, რომ ხშირად ემსგავსებიან ამ უმოწყალო მოვალეს, რომელსაც არ ჰქონდა გულმოწყალება, მიმტევებლობა და სიყვარული. სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს და ვერც იარსებებს.
ჩვენ გვავიწყდება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენც უსაზღვრო ვალი გვაქვს, მოვალენი ვართ ღვთის წინაშე, ასევე – მოყვასთა წინაშეც მოვალენი ვართ. ეს გვავიწყდება და გვგონია, რომ ყველას ჩვენი ვალი აქვს, ჩვენ კი არავის ვალი არ გვაქვს, არც ღვთისა და, მით უმეტეს, არც მოყვასისა. და, აი, მხოლოდ იქ, სადაც არის ქრისტეს რწმენა, ადამიანს ეხსნება გონება და აცნობიერებს, რომ უსაზღვროდ ვალდებულია, მოვალეა ღვთის წინაშეც და მოყვასთა წინაშეც. ასეთი ადამიანი ხვდება, რომ სულ სხვაგვარად უნდა იცხოვროს, არა როგორც ეს უმოწყალო მოვალე ცხოვრობდა, არამედ სულ სხვაგვარად – პატიებით, სიყვარულით, ლმობიერებით, გულმოწყალებით, რადგან სწორედ ეს თვისებებია, რომლებიც გზას გვიკვალავენ ამქვეყნად კეთილდღეობისკენ, სიხარულისკენ, ბედნიერებისა და სულის ხსნისკენ” – თქვა პატრიარქმა ქადაგებისას.


















