პატრიარქი: სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში

დღევანდელ დღეს ყოველი ადამიანი სიხარულის მახარებელი უნდა იყოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა და ტაძარში მყოფი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დალოცა.
უწმინდესის თქმით, მთელი მართლმადიდებლობა დღეს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ზეიმობს და ეს დღე განსაკუთრებული დღეა.

„როგორც ამბობენ ჩვენი წინაპრები, იმდენად დიდია ხარების დღესასწაული, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს და ადიდებს უფალს. ჩვენ ვადიდებთ უფალს და მადლობას ვწირავთ მას, მოგვმადლოს წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული“, – განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგების დასრულების შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ამბიონზე მიიწვია და ნაკურთხი წყალი ასხურა.

„დღევანდელი დღე ჩვენ შთაგვაგონებს იმას, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი. აი, გეძლევათ თქვენ ლოცვა-კურთხევა, რომ ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი, არა სამწუხარო და არა ნეგატიური, როგორც ჩვენი ტელევიზიები სულ ნეგატიურს გადმოსცემენ და ეს ქმნის სიმძიმეს, სტრესებს, თითქმის არ გადის დღე, რომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ თქვან, რომ ამა თუ იმ ადამიანმა თავი მოიკლა. სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში“, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, დღეს მთელ მსოფლიოში არის დაძაბული ურთიერთობა და კაცობრიობა ეძებს მიზეზს ამ დაძაბულობისა. უპირველეს ყოვლისა, თითოეულმა ადამიანმა თავის გულში უნდა ჩაიხედოს.

პატრიარქმა ქადაგებისას დალოცა რუსები, აფხაზები, ოსები და ტაძარში მყოფი სხვა ეროვნების წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ მათაც ულოცავს ამ დღესასწაულს. „თქვენ ისეთივე ჩვენი სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში“, – განაცხადა უწმინდესმა.

დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ასევე ითქვა, რომ ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამი ჯარი ეკურთხა, რომელიც აღდგომის მესამე კვირამდე სვეტიცხოველში დარჩება, შემდეგ კი გადაბრძანდება ჯვარზე, მცხეთის მთაზე და უჯარმაში.

დღეს სასულიერო პირები ასევე მცხეთის ქუჩებში გავლენ და ქუჩებს აკურთხებენ.

banner
წინა სტატიაშისაავადმყოფოების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება ათეულობით მილიონი ლარია
შემდეგი სტატიავლადიმერ პაპავა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი კვერენჩხილაძის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს