პატრიარქი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს – “მინდა დავლოცო აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და მთელი საქართველო”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს.

„მადლობა უნდა შევწიროთ უფალს იმ განსაცდელებისთვის, იმ სიყვარულისთვის, რომელიც მოგვივლინა. მადლობა უნდა შევწიროთ ჩვენს მშობლებს ლოცვა-კურთხევისთვის და განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვიჩინოთ ჩვენი მშობლებისადმი. ღმერთმა ინებოს, რომ მომავალი წელი ბედნიერი და მშვიდობიანი იყოს.

იმედით უნდა ვუყუროთ ჩვენს მომავალს და უნდა ვიფიქროთ სამშობლოზე. როცა ვფიქრობთ, თუ როგორი იქნება მომავალი წელი და რას მოგვიტანს იგი, უნდა ვიფიქროთ ჩვენ რას მოვუტანთ, რას გავაკეთებთ სამშობლოსთვის.

არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს შრომის გარეშე. მისი მოღვაწეობა სამშობლოს საკეთილდღეოდ უნდა იყოს. იმედით ვუყურებ მომავალს. ასევე, იმედით ვუყურებ საქართველოს მომავალს. მინდა დავლოცო დღეს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, მთელი საქართველო და გისურვოთ, რომ დადგეს ის დრო, როცა ჩვენ ერთად გავიხარებთ, ერთად ვიზეიმებთ ჩვენს მთლიანობას და ბედნიერებას“, – აღნიშნა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიდუტერტემ ვეტმფრენიდან ხალხის გადმოყრის შესახებ თავისი ნათქვამი უარყო
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: ძალა, რომელიც პრობლემებს დაგვაძლევინებს, ყველაზე მეტად ჩვენში, ქართულ საზოგადოებაშია