პატრიარქი – ეროვნული თვითმყოფადობისთვის ბრძოლაში ეკლესიაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი განცხადებას ავრცელებს კონსტიტუციის საზეიმო დღესთან დაკავშირებით.

1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენს. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მისი დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში მოხდა ქვეყნის ოკუპაცია, ძირითადი იდეა საქართველოს კონსტიტუციამ მაინც შეასრულა.

ეროვნული თვითმყოფადობისთვის ბრძოლაში ეკლესიაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, სწორედ ამიტომ იგი იმპერიული ძალებისთვის დევნის სამიზნეს წარმოადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1917 წელს სწორედ ეკლესიამ შეძლო ავტოკეფალიის აღდგენა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გადაიდგა რეალური ნაბიჯები. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებამდე ერთი წლით ადრე მოხდა. ასევე 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის ხელმეორედ გამოცხადებას ისევ ერთი წლით წინ უსწრებდა საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარება.

აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ეკლესია როგორც XX საუკუნეში, ისე თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის მხარში ედგა ქვეყანას და მის სახელმწიფოებრიობას. ამიტომაც საქართველოს მთელმა საზოგადობამ მხარი დაუჭირა საქართველოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას და საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის სუბიექტად მის გახდომას, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფომ, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ, 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიასთან დადო კონსტიტუციური შეთანხმება.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს ეკლესიამ გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოში სიკვდილით დასჯის სასჯელის გაუქმების საქმეში, რითაც ხელი შეუწყო სიცოცხლის განსაკუთრებულ მნიშვნელობასთან მიმართებაში ქრისტიანული აზროვნების დამკვიდრებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ იურიდიული ძალის მქონე სხვადასხვა ხელშეკრულება ევროპის ბევრ ქვეყანაშია, თუმცა მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის საქართველო ამ მხრივ გამორჩეულია და ეს საკონსტიტუციო სივრცისთვის დამახასიათებელ ფაქტს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაში“ენმ” ხელისუფლებას მიმართავს – არ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც დააზარალებს მოქალაქეებს
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – საქართველოს პირველი კონსტიტუცია ატარებს ძლიერ გზავნილს საქართველოს შესახებ