პატრიარქი არის ჩვენი უმთავრესი რელიგიური მიმდინარეობის ლიდერი და მას თავისი კომპეტენცია აქვს

ზაზა ფირალიშვილი

ზაზა ფირალიშვილიშეწყალება არ არის სასულიერო პირების კომპეტენცია, მათ შეუძლიათ ცოდვები მიუტევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეში არიან, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივას.
მისი თქმით, არ უნდა დაისვას საკითხი ისე, თითქოს მართლაც შეიძლება რაღაც სამართლებრივი ცვლილებები განხორციელდეს, რომ პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების უფლება.
ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატრიარქს ეს უფლება მიენიჭება, შედეგი იქნება ის, რომ მალე დავრწმუნდებით თუ რამდენად აბსურდული სიტუაცია შეიქმნება.
“პატრიარქი არ გახლავთ პოლიტიკური ფიგურა. ის არ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ან ხელმძღვანელი. ის არის ჩვენი უმთავრესი რელიგიური მიმდინარეობის ლიდერი და მას თავისი კომპეტენცია აქვს. მას უფალმა უმაღლესი კომპეტენცია მისცა – ადამიანის ცოდვების მიტევების.
რაც შეეხება შეწყალებას, ეს არის წმინდა ადმინისტრაციული ფუნქცია, ეს არის პრეზიდენტის ფუნქცია. ახლა ისეთი ელემენტარული ანბანური რაღაცის განმარტება მიწევს, უხერხულიც არის. შეწყალება არ არის სასულიერო პირების კომპეტენცია. მათ შეუძლიათ ცოდვები მიუტევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეში არიან.
შეწყალება არ გახლავთ იოლი პროცესი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სინანულს ყველაზე მძაფრად გამოხატავენ მძიმე დამნაშავეები, რომლებიც გამოსვლისთანავე იმეორებენ დანაშაულს. ასე რომ, პრაქტიკულად ეს შეუძლებელია და იმედი მაქვს, რომ ცოტა ხანში შენელდება ამ თემაზე საუბარი”, – განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ორმა-სამმა ადამიანმა გამოთქვა კონსულტაციების სურვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლაც ეს საკითხი პარლამენტში შეიძლება სერიოზულად დადგეს. “მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ილუზიები არ მაქვს დღევანდელი პარლამენტის მიმართ, იქ სრულიად საკმარისი იქნება საღი აზრი, რომ ეს საუბარი ამ თემაზე შეწყდეს”, – აღნიშნა ზაზა ფირალიშვილმა.
გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პატიმართა შეწყალება პატრიარქის უფლება უნდა იყოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა.

banner
წინა სტატიაშიოქროს პრომეთე – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ’’მექელეხე’’ გახდა
შემდეგი სტატიადაკარგულები ნაპოვნია