პატრიარქი-ამერიკამ პანდემიისას პირველ რიგში თვალი ღმერთს მიაპყრო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს რობერტ რედფილდსა და აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს წერილები მისწერა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

წერილებში პატრიარქი მადლიერებას გამოხატავს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეგიონალური ოფისი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში 10 ქვეყანას მოემსახურება.

ილია II წერს, რომ აშშ-მ პანდემიის პერიოდისას “თვალი ღმერთს მიაპყრო” და ამით მსოფლიოს მაგალითი უჩვენა.

„გულითადად მოგესალმებით და მოგმართავთ ქრისტესმიერი სიყვარულით. მე კარგად მახსოვს თქვენთან შეხვედრა და არც არასდროს დამავიწყდება ის განწყობა, რაც თქვენ დაგვიტოვეთ. სიმართლე გითხრათ, არც მეგონა, რომ მსოფლიო მასშტაბის არსებული რთულის ვითარების პირობებში წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდებოდა საქართველოში გახსნილიყო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეგიონალური ოფისი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში 10 ქვეყანას მოემსახურება.

მიიღეთ ჩვენი მადლიერება თქვენდამი და თქვენი ქვეყნისადმი.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ამერიკამ, რომელსაც უძლიერესი სამედიცინო სისტემა და ეკონომიკა აქვს, პანდემიის ურთულესი პერიოდი გაიარა არა მარტო ადამიანური შესაძლებლობების იმედად, არამედ, პირველ რიგში, თვალი ღმერთს მიაპყრო და ამით მაგალითი უჩვენა მსოფლიოს.

შევთხოვ უფალს მოგმადლოთ ჯანმრთელობა, ხოლო თქვენს ქვეყანას არ მოაკლოს მშვიდობა და ღვთის მფარველობა“, – ნათქვამია პატრიარქის მიერ რობერტ რედფილდსადმი გაგზავნილ წერილში.

ილია II მადლობას უხდის ამერიკის ელჩსაც. საპასუხო წერილში კელი დეგნანი წერს, რომ აშშ ელის “პატრიარქთან და ქართული საზოგადოების სხვა ლიდერებთან ურთიერთობის შემდგომ შესაძლებლობებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად”.

ამ დროისთვის ამერიკაში კორონავირუსით 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო აქედან 131 485 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მხრივ, ამერიკა მსოფლიოში პირველი ქვეყანაა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : კარანტინი, სახლში დარჩენის სტრატეგია დროულად განვახორციელეთ, ეს გახდა იმ წარმატების საწინდარი, რომლითაც საქართველოს შეუძლია იამაყოს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე-ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება