პატიმრის დედის წერილი

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...

დღეიდან "თაიმერი"გთავაზობთ!„შეგნებულად არ ვწერ ჩემს გვარსა და სახელს, რადგან არავინ მიიჩნიოს, რომ ამ წერილს სპეკულაციის სახე აქვს,“ – ამის შესახებ ნათქვამია პატიმრის დედის წერილში, რომელიც „თაიმერს“ გამოუგზავნეს. უცნობი ქალბატონი კახი კახიშვილს მადლობას უხდის დ მას უუფლებოთა იმედს უწოდებს. „თაიმერი“ აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

 

 

“ღმერთმა ულამაზესი სამყარო შექმნა ადამიანებისთვის. და გვასწავლა, თუ როგორ უნდა გვეცხოვრა. სიცოცხლე ძალიან ლამაზია, როდესაც სიყვარულით ცხოვრობ. სამწუხაროდ, ბევრმა იმ ათი მცნებიდან ერთი ვერ დაიმახსოვრა და მოხდა ის, რაც მოხდა. ღმერთო! გახსენებაც კი არ მინდა იმ საშინელი დღეების. მე მოვესწარი მეორე მსოფლიო ომს, მაშინ ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ კარგად ვაცნობიერებდი, რაც ხდებოდა. იმასაც ვხედავდი, ადამიანები როგორ ედგნენ ერთმანეთს მხარში, როგორი სითბო და სიყვარული იყო გარშემო. რომელიმე მართლა წინასწარმეტყველს რომ ეთქვა – უარესს მოესწრებიო, ნემდვილად არ დავიჯერებდი. სამწუხაროდ, მოვესწარი. რა უნდა იყოს იმაზე საშინელი, როცა შენს თვალწინ შენი საყვარელი ქალაქი იწვის ქართველების ხელით და თვითონაც ერთმანეთს ხოცავენ. მე უზომოდ მიყვარს ადამიანები, მათში ყოველთვის ვეძებ იმ პატარა სიკეთის მარცვალს, რითაც ვინარჩუნებ ამ სიყვარულს. აღარ მოვყვები, როგორ დაიკარგა ადამიანებს შორის ეს სიყვარული და ურთიერთობა, რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებულმა პერიოდმა განაპირობა. თუმცა, იმედი არასდროს დამიკარგავს, რადგან ვიცი, რომ ქართველი კაცის გენებში ისეთი კოდია ჩადებული, რომელსაც ვერ ამოშანთავ; ეს არის კეთილშობილება, სტუმარმასპინძლობა, სითბოსა და სიყვარულის უნარი და. ა.შ. ამიტომ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქართველ კაცს იმ საშინელ ქმედებებთან ერთად შეუძლია უაღრესად მოყვარულიც იყოს და კეთილი საქმეების მკეთებელიც. მჯეროდა, ეს თვისებები ჩვენს ხალხს ისევ თავის კალაპოტში ჩააყენებდა.
იმ კოშმარული წლების განმავლობაში და განსაკუთრებით წინა მმართველობის პერიოდში, როცა ვინმე ჭკვიანურად მოაზროვნე, ქვეყნის გულშემატკივარი გამოჩნდებოდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო, სწორედ ერთ-ერთი ასეთ პიროვნებას ეხება ეს წერილი, რომლის ყოველი გამოსვლა ტელევიზიით ლოგიკურ, საღ აზროვნებას ეყრდნობოდა და არა უსაგნო პომპეზურობას. ის უშიშრად აკრიტიკებდა არსებულ სიტუაციას და ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებსაც სახავდა; რამდენჯერ მიფიქრია: ასეთი კაცი სათავეში უნდა ედგას ქვეყანას ან რომელმე მნიშვნელოვან სახელმწიფო უწყებას მაინც, რომ ქვეყანა წელში გაიმართოს-მეთქი. მადლობა უფალს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას დიდი ჭირი მოაშორეს და ეს პროგრესული პიროვნებაც დაინახეს, სწორად განსაზღვრეს მისი ადგილი და სადაც ყველაზე მეტად უჭირდათ ადამიანებს, იქ დანიშნეს. ეს გახლავთ უაღრესად ჭკვიანი, კეთილი, კაცთმოყვარე, შესანიშნავი პიროვნება – სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი. მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი გაკეთებულა. ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდა და კეთდება – მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენს ქვეყანას ისეთი მდებარეობა აქვს – თავისუფლად მოქმედების საშუალებას არავინ მოგვცემს. მით უმეტეს, როგორი დანგრეული, დამახინჯებული, გატეხილი, უცხოელებზე გაყიდული საქართველო ჩაიბარეს.

როდესაც ადამიანი პირადად, უშუალოდ ეჯახება ამა თუ იმ სიტუაციას, მაშინ უფრო ნათლად ხედავს მის დადებით და უარყოფით მხარეებს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ხშირად მესმოდა, რომ ამ სისტემაში სიკეთისაკენ შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბა. ციხეში მარტო კაცისმკვლელები და ყაჩაღები კი არ ხვდებიან, ზოგჯერ პატიოსან ადამიანსაც შეეშლება რაღაც, რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა შეშლოდა. ჩემი შვილი დააპატიმრეს, სამართლიანად, ის დამნაშავე იყო, მიზეზებს არა აქვს მნიშვნელობა. აქედან დაიწყო ჩემი შეხება შინაგან საქმეთა და სასჯელ-აღსრულების და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებთან. როგორ უნდაა მომიბრუნდეს ენა, რომ მათზე რაიმე საყვედური ვთქვა. გაოგნებული ვიყავი პოლიციის მუშაკების თავაზიანი მოპყრობით ჩვენი ოჯახის მიმართ. ბინის ჩხრეკაზე მოსულები, როგორი მობოდიშებით მოქმედებდნენ. ვერ ვიტყვი დარწმუნებით, რომ ამ ორგანოში ყველა ფრთიანი ანგელოზია – რადგან იმ წლებმა ბევრი სახედაკარგული ადამიანი გვიჩვენა მათ რიგებში, მაგრამ ამჟამად ამის საბაბი ნამდვილად არ მაქვს, ღმერთმა ხელი მოუმართოს თითეულ მათგანს.

ეს ერთი – ახლა ყველაზე მთავარი და საოცრება თურმე წინ მელოდებოდა. ჩემი შვილი გაასამართლეს და კანონიერად მიესაჯა რაც ეკუთვნოდა. ის ამჟამად სასჯელს იხდის რუსთავის კოლონიაში. მას შემდეგ, რაც კახი კახიშვილი მინისტრად დაინიშნა, ამ სისტემაში ბევრი რამ შეიცვალა იმ რანგის უკეთესობისკენ, რომლის წარმოდგენაც ძნელია. მან წინ წამოსწია პატიმრის ღირსების შენარჩუნება. ყველა პირობა შეუქმნა, რომ დაფიქრდეს თავის საქციელზე, ამავე დროს, თავი იგრძნოს ადამიანად – გახდეს საზოგადოების ღირსეული წევრი. შედიხარ კოლონიის ეზოში და ვერ ხვდები, კოლონიაა თუ სანატორიუმი – ეზოდან მოყოლებულია უმაღლესი დონის სისუფთავე, შესანიშნავად მოწყობილი პატიმრის ოთახები, საშხაპეები, სარეცხის მანქანები, მდიდარი ბიბლიოთეკა, სპორტდარბაზები, არაჩვეულებრივი სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგების მუშაობა პატიმრებთან, ეკლესია ეზოში, სადაც თითოეულ მათგანს შეუძლია მოინანოს დანაშაული. აღარაფერს ვამბობ კვებაზე. სად არის ე.წ. „ბალანდა“? აქ პირველი კერძი, მეორე, მესამე და მრავალფეროვანი მენიუა. არაჩვეულებრივი წესრიგია ყველგან და ყველაფერში. არაჩვეულებრივია თანამშრომელთა დამოკიდებულება პატიმართა პატრონებისადმი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეს ყოველივე ბატონი კახის და მისი თანამშომლების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში კი – მინისტრის.


სამწუხაროდ, კახი კახიშვილს ახლოდან არ ვიცნობ, არც მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ ვიცი რაიმე, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, ის საუკეთესო მშობლების აღზრდილი შვილია და ოჯახიც ასეთივე საუკეთესო ექნება. თუ მისი მშობლები ცოცხლები არიან, ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე მისცეთ, ჯანმრთელობა, და ბედნიერება არ მოჰკლებოდეთ, ასეთი შვილს აღზრდისათვის.
მადლობა, ჩემო შვილო, ასე გიწოდებ, რადგან ჩემი შვილიშვილის ტოლი ხარ. მადლობა, რომ შენ ასეთ სათუთ სისტემას გონივრულად მართავ და ყველა ციხიდან გამოსულ ადამიანს ღირსებას უნარჩუნებ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველა საქმეში. დარწმუნებული ვარ, ვისაც ამ სისტემასთან შეხება აქვს, ყველა კეთილად არის განწყობილი თქვენი და თქვენი თანამშრომლების მიმართ. უნაკლო არავინაა, ალბათ მაგ სისტემაშიც არის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს თქვენს საქმიანობას, მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ თქვენ პატიმრის პატრონისადმი უხეში მოპყრობისათვის, რამდენიმეს სამსახური დაატოვებინეთ. აფერუმ, თქვენს კაცობას! სულ წინსვლა და წარმატება არ მოგკლებოდეთ, ჯანმრთელობა და ბედნიერება, სიხარული და თუ რამ სიკეთეა, ის მისცეს ღმერთმა თქვენს ოჯახს.
შეგნებულად არ ვაწერ ჩემს გვარს და სახელს, რადგან არავინ მიიჩნიოს, რომ ამ წერილს სპეკულაციის სახე აქვს. ღმერთმა დამიფაროს!-წერს პატიმრის დედა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს სასწრაფო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა
შემდეგი სტატიავაკავებთ ადამიანს, რომელსაც ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ – უკრაინის პროკურატურა