პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ოლეგ ფაცაციასა და მალხაზ ღვინიაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

პატიმრების არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს, ოლეგ ფაცაციასა და ციხის კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელ მალხაზ ღვინიაშვილს, იგივე “ლისის” პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 პირის ვრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა განაცხადეს, ფაცაციას ყოფილი პატიმრის, აკაკი ოჩიგავას წამების ბრალი დაემატა, ხოლო ღვინიაშვილს, ასევე ყოფილი პატიმრის პაპუნა კვარაცხელიას წამებას ედავებიან.

დანარჩენ ოთხ ბრალდებულს, ზაზა ხარაიშვილს, ნუგზარ მარღიას, დავით ნოზაძესა და დავით ჩიხლაძეს 2012 წლამდე ციხეში პატიმრების მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ედებათ ბრალად.

საბრალდებო ეპიზოდებს შორის არის გლდანის ციხის ცნობილი ე.წ. კარანტინის დაშლა, რომელში მონაწილეობასაც დაკავებულებს ედავებიან.

6-დან 5 პირი ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. მეექვსე ბრალდებული ოლეგ ფაცაცია სხვა სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული. ექვსივე ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

დღეს სასამართლომ ციხის ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ საქმეზე არსებითი განხილვის თარიღი უნდა ჩანიშნოს.

banner
წინა სტატიაშიუჩვეულო სტიქია – გრენლანდიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ
შემდეგი სტატიარუსი სამხედროების მიერ 9 აგვისტოს გატაცებული თენგიზ მიქავა თავისუფალია