6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

პატიმრების კვებაზე რადიო თავისუფლების გამოძიების შემდეგ შპს „ილი ჯგუფს“ პენიტენციურმა ხელშეკრულება შეუწყვიტა

პატიმრების კვების შესახებ რადიო თავისუფლების გამოძიების გამოქვეყნებიდან 8 დღეში, პენიტენციურმა სამსახურმა შპს „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.

4 მარტს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში რადიო თავისუფლებამ გაასაჯაროვა პენიტენციური სამსახურის კვების ინსპექტირების კომისიის დამალული მასალები, რომლებშიც აღწერილი იყო, რომ კომპანია „ილი ჯგუფი“ პატიმრებს 6 წლის განმავლობაში უხარისხოდ კვებავდა.

,,ასეულობით დარღვევის ფაქტის შესახებ იცოდა პენიტენციურმა სამსახურმა, თუმცა „ილი ჯგუფთან“ ხელშეკრულებას არ წყვეტდა და 6 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან პატიმრების კვებისთვის 180 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა.

ამ დარღვევებზე სათანადო რეაგირება მხოლოდ ორი დღის წინ, 10 მარტს, მოხდა. სამსახურმა „ილი ჯგუფს“ ჯერ დაახლოებით 600 ათასი ლარის პირგასამტეხლო იძულებით გადაახდევინა, შემდეგ კი 1 მლნ 100 ათასის საბანკო გარანტია ჩამოართვა და ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა”,-აღნიშნულია რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

პენიტენციურმა პატიმრების კვებისთვის შემცვლელი კომპანია დაჩქარებულად, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით შეარჩია. 12 მარტის დილიდან პატიმრების კვება შპს „გიორგი 2020-მა“ გადაიბარა.

გადაუდებელი ხელშეკრულებით, ეს კომპანია 2 თვეში სახელმწიფოსგან 11 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. მიწოდების ვადა – 2026 წლის 12 მარტიდან 2026 წლის 10 მაისის პერიოდი.

ბიზნესის რეესტრის თანახმად, „გიორგი 2020-ის“ დირექტორი ნათია არჩვაძეა. კომპანიის 50-50%-ს კი ვახტანგ ლომინეიშვილი და ოთარ კვარაცხელია ინაწილებენ.

კომპანია ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა და უწყების ცნობით, იყო შერჩეულებს შორის ერთადერთი, რომელსაც მომსახურების გაწევა 2026 წლის 12 მარტის დილიდან შეეძლო. ამ კომპანიამ ორი თვის განმავლობაში უნდა გამოკვებოს 11 800 პატიმარი და პენიტენციური სამსახურის 2 126 თანამშრომელი.

,,2023 წლის 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით, პატიმრები 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით შპს „ილი ჯგუფს“ უნდა გამოეკვება. ტენდერში ახალი გამარჯვებულის გამოვლენამდე, ანუ ე.წ. გარდამავალ პერიოდშიც, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ციხეები საკვებით ამავე კომპანიას უნდა მოემარაგებინა.

რადიო თავისუფლების გამოძიება 2019-2025 წლებში ციხეებში კვების ხარისხის ანგარიშებსა და წყაროების მონათხრობს დაეყრდნო. დოკუმენტებს პენიტენციური სამსახური 4 წლის განმავლობაში მალავდა. რადიო თავისუფლებამ მათი მოპოვება სასამართლო დავის შედეგად შეძლო.

აღმოჩნდა, რომ შპს „ილი ჯგუფი“, რომელიც პენიტენციურ სისტემას 2019 წლიდან ამარაგებს, ტენდერის პირობებს სისტემატურად არღვევდა, ხელისუფლება კი ათეულობით მილიონ ლარზე კონტრაქტებს ისევ მას უფორმებდა.

დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას წლებია ციხეში უხარისხო საკვები შეაქვს, არ ასრულებს დადგენილ სტანდარტებს, არღვევს პროდუქტის შენახვისა და მომზადების წესებს, ამცირებს ულუფებს, აკლებს ინგრედიენტებს, არ იცავს ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს, საკვები დაობებულია, ხშირად ხორცის ნაცვლად დაუდგენელი შემადგენლობის სოსისი აქვთ, ნედლის ნაცვლად – გაყინული ხორცი, ხაჭაპურებში ხოჭოებს პოულობენ, პაშტეტში – მატლებს”,- აღნიშნულია საგამოძიებო მასალაში.

banner
წინა სტატიაშიკუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანამ აშშ-ის მთავრობასთან ნავთობის ბლოკადაზე მოლაპარაკებები დაიწყო
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ,,თუ დიქტატურა ჩაბეტონდა, წინააღმდეგობის გამწევიც აღარავინ დარჩება- მოხდება ის რაც კუბაში, ყველა ნიჭიერი ადამიანი წავა”