გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ბადრაგებისა და სპეცრაზმელის მხრიდან ძალადობაზე კიდევ ერთი პატიმარი, დავით მინასოვი საუბრობს. მისი აუდიოჩანაწერი TV პირველმა გაავრცელა.
„გიორგი დავითაძე თითით რომ აწამეს, მაგის გამო დავისერე ვენები, პროტესტი გამოვხატე. დაჩეხილ მდგომარეობაში რომ ვიყავი, შემოვიდა ციხის უფროსის მოადგილე და რომ მკითხა, რატომ ხარ ასეთი დაჩეხილიო, ვუთხარი სოლიდარობა რომ გამოვუცხადე გიორგის. ასე მითხრა, მაგი თითის გაკეთების კი არა, მეტის ღირსიც იყოო.
…პირველ სართულზე რომ მიგვიყვანეს, დაგვხდა უკვე სპეცრაზემლი და ძაან მაგრად დაგვლეწეს, როგროც მე ისე – ლაშაც [ჩაჩანიძე]. მე თვითონ ვუყურებდი, რომ ბევრი დალეწეს… ამ ყველაფერში იღებდა მონაწილეობას შოთა ტრაპაიძეც და მისი მოადგილეებიც და ყველა იქ მყოფი თანამშრომლები სპეცრაზმთან ერთად.
მოადგილე დათო ვინც არის, მეუბნება, ამ ყველაფერს შენო შენს მეუღლეს თუ ეტყვიო და რომელიმე ტელევიზიაში გნახეო რომ მოყვე ეს ყველაფერი, რაც შენ დაგემართაო და რაც ბიჭებს დაემართაო, რომ იცოდეო, ახლად ჩამოსულ კიბოიან დედას დავუჭერო.
ვინც გიორგიზე ძალადობდა ყველა იყო იქ, ერთი ის თითს ვინც უკეთებდა ის ღორი არ იყო”, – ამბობს დავით მინასოვი TV პირველის ცნობით.
ციხეში ძალადობის საკითხზე პროკურატურამ უკვე გამოჰკითხა ლაშა ჩაჩანიძე. მინასოვის მსგავსად, ისიც აცხადებს, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო სცემეს.
როგორც ადვოკატი ანა აკოფოვა ამბობს, ლაშა ჩაჩანიძემ ჩვენებაში თქვა, რომ მასზე ბადრაგების გარდა სპეციალური დანიშნულების რაზმმაც იძალადა. ადვოკატის თქმით, ჩაჩანიძეს ბადრაგების ამოცნობა შეუძლია, თუმცა სპეცრაზმის წევრების – არა.
N6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა. მისი განცხადების მიხედვით, „საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.“ ელისაშვილი წერს, რომ პროტესტის გამო „ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.“
პენიტენციურმა სამსახურმა პროტესტის გამო პატიმრების დეესკალაციის ოთახებში გადაყვანის და ძალადობის ბრალდებები რამდენჯერმე უარყო.















