ფატიჰ ტერიმი – თურქული მაფიის ,,ბაბა,, სკანდალში ეხვევა

თურქეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ფატიჰ ტერიმი, თურქეთში დიდი სკანდალის მიზეზი ხდება.
,,იმპერატორის,, მეტსახელით ცნობილი ფატიჰ ტერიმი, რომელმაც სტამბულის ,,გალათასარაის,, ევროპული თასი მოაგებინა და ერთ დროს იტალიური ,,მილანის,, მწვრთნელიც იყო, თურქეთში იმ ცნობილ მდიდარ ადამიანების რიცხვში შედის, რომელსაც ქონებაზე გაცილებით დიდი გავლენები აქვს. სახელისუფლო და კანონგარეშე გავლენიან წრეებთან განსაკუთრებული კონტაქტების გამო, თურქეთში ტერიმს მაფიის ,,ბაბასაც,, (მამა თურქ.) ეძახიან. ტერიმი, ბოლო რამდენიმე წელია რაც თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელად მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ნაკრებს წარუმატებლობის მეტი არაფერი ჰქონია, მას როგორც გავლენიან ფიგურას, ნაკრებიდანაც ვერ იშორებენ. ტერიმი ემოციური ადამიანია, რომელსაც საკითხების აგრესიული მეთოდებით გადაწყვეტა უყვარს. სწორედ აგრესიული მეთოდების გამო, ის 15 ივლისს, თურქეთში სამხედრო ამბოხის ერთი წლის თავზე სკანდალში გაეხვა. თუმცა ეს სკანდალი ამბოხებას არ უკავშირდება.
თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ჩეშმეში, ფატიჰ ტერიმი, მისი ორ სიძე და სამი პირადი მცველი, მათთვის კარგად ნაცნობი, ასევე თურქეთის საფეხბურთო კავშირის წევრის სელაჰატინ აიდოღდუს რესტორანში შეიჭრნენ. სელაჰატინ აიდოღდუ, მისი მოხუცი მამა, რესტორნის ორი თანამშრომელი სცემეს.დაამტვრიეს ავეჯი და რესტორნის მოწყობილობები, რის შემდეგაც დატოვეს იქაურობა.
როგორც თურქული სააგენტო ,,ანადოლუ აჟანსის,, კორესპოდენტ ავრიმ აირალს, სელაჰატინ აიდოღდუმ განუცხადა, ფატიჰ ტერიმი მას იმ ,,საქაბაბის,, გამო გაუბრაზდა, რომელიც მან ჩეშმეს ერთ-ერთ ბაზრობაზე, ტერიმის სიძის რესტორნის ,,სტეიკ ჰაუსის,, გვერდზე გახსნა. ,,ის უკმაყოფილო იყო რომ ჩვენ რესტორანი გავხსენით და ამიტომ ტელეფონით დამემუქრა. მე ვუთხარი რომ არაფერი დამიშავებია და თუ რამე უნდოდა მოსულიყო დასალაპარაკებლად. მან ხალხი მოიყვანა, ლაპარაკის ნაცვლად თავს დაგვესხა, დაგვარბია და გაიქცა, რის გამოც პოლიციას მივმართეთ. პოლიციამ გამოძიება დაიწყო,, განაცხადა დაზარალებულმა აიდოღდუმ კორესპოდენტთან.
ფატიჰ ტერიმთან დაკავშირებული ზემოთ ხსენებული ამბავი, თურქეთში არც ისე დიდი სკანდალი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება.საქმე იმაში გახლავთ, რომ სააგენტო ,,ანადოლუ აჟანსმა,, რომლის ჩეშმელმა კორესპოდენტმა ევრიმ აირალმა ჩაწერა ფატიჰ ტერიმის მიერ დარბეული ხალხი, საკუთარი კორესპოდენტის მიერ მიწოდებული სკანდალური მასალის გამოქვეყნებაზე, გაუგებარი მოტივით უარი თქვა. თუმცა, ჟურნალისტი ევრიმ აირალი პრინციპული პიროვნება აღმოჩნდა და მან ეს ინფორმაცია, საკუთარი კომენტარით ,,ფეისბუქში,, გამოაქვეყნა და ამასთანავე, სააგენტო ,,ანადოლუ აჟანსის,, რეგიონალური კორესპოდენტის პოსტიც დატოვა, რითაც მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, თურქეთში დიდ სკანდალად იქცა.
,,ეს ნიუსი, რომელიც მე მოვიპოვე, ნიუსია მთელ მსოფლიოში სადაც არ უნდა ცხოვრობდე… და ამ ნიუსს ყველგან დაბეჭდავდნენ. თუ არ გიბეჭდავენ, საკუთარ ნამუსთან გარიგებაზე არ უნდა წახვიდე და უნდა დატოვო სამსახური, რასაც ვაკეთებ კიდევაც. მინდა გითხრათ, ისეთი დრო დგება, რომ მსგავს ნიუსებს ალბათ მხოლოდ სოციალური ქსელებით წაიკითხავთ,, წერს თურქი ჟურნალისტი ,,ფეისბუქის,, გვერდზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ,უდიდესი პროსახელისუფლო სააგენტო ,,ანადოლუ აჟანსისის,, მიერ გამოუქვეყნებელი, საკუთარი კორესპოდენტისგან მიღებული ინფორმაცია, რომელიც ასევე ხელისუფლებასთან დაახლოებული ფატიჰ ტერიმის მიერ ჩადენილ უკანონობას ეხებოდა, ცოტა ხანში ყველა ოპოზიციურმა გაზეთმა და სააგენტომ გამოაქვეყნა თურქეთში.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ვალუტის გადინების გამო განგაშია
შემდეგი სტატიაქართული ცეკვის ანსამბლი ტრაპზონის მახლობლად ავარიაში მოყვა