პატარაია: „ისფედი“ უკვე ატარებდა შიდა აუდიტს, როდესაც ეუთო-ს ექსპერტმა დაურეკა აღმასრულებელ დირექტორს და ჰკითხა, ფორმულაში ხომ არ იყო მითვლილი ბათილი ბიულეტენებიც

region
ავტ.: region დეკემბერი 25, 2020 17:09

პატარაია: „ისფედი“ უკვე ატარებდა შიდა აუდიტს, როდესაც ეუთო-ს ექსპერტმა დაურეკა აღმასრულებელ დირექტორს და ჰკითხა, ფორმულაში ხომ არ იყო მითვლილი ბათილი ბიულეტენებიც

„პირველ რიგში ალბათ ყველას აინტერესებს, როდის გახდა ეს ყველაფერი ცნობილი „ისფედისთვის“. „ისფედი“ უკვე ატარებდა შიდა აუდიტს, იყო გადამოწმების პროცესში, როდესაც ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთო-ს ექსპერტმა განახორციელა ზარი აღმასრულებელ დირექტორთან, დაუსვა შეკითხვა, შემთხვევით, ფორმულაში ხომ არ იყო მითვლილი ბათილი ბიულეტენებიც, ვინაიდან როდესაც მონაცემების ანალიზს აკეთებდა ეს საერთაშორისო ექსპერტი, მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ცდომილება, რომელიც არსებობდა, შეიძლება ამითი ყოფილიყო განპირობებული. როდესაც ეს კითხვა დაისვა, დაიწყო გადამოწმება PTV-ს საექსპერტო ჯგუფთან ერთად, რომელშიც შედიოდნენ „ისფედის“ და NDI-ის ექსპერტები“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

მისივე თქმით, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნამდვილად იყო ხარვეზი ფორმულაში, რომელიც ბათილ ბიულეტენებსაც ითვლიდა.

„ამის შემდგომ ორგანიზაციის შიგნით გაჩნდა შეკითხვები, ჰქონდა თუ არა ამას შედეგი რამე სხვა მონაცემებზე, იყო თუ არა კიდევ სხვა შეცდომები დაშვებული. დაიწყო ორგანიზაციამ შესწავლა, ზოგადად რა გავლენა ჰქონდა ამ ხარვეზს ყველა სხვა მონაცემზე ან ხომ არ არსებობდა სხვა ტიპის ხარვეზები. ნოემბრის ბოლოს მას ჰქონდა სრული სურათი, რომ ასეთი ხარვეზი იყო ერთი და მას გავლენა არ ჰქონდა სხვა მონაცემებზე. PTV-ის ექსპერტები შეხვდნენ დონორ ორგანიზაციებსაც. ინფორმაცია ამის შესახებ ჰქონდა აღმასრულებელ დირექტორს და მის მოადგილეს მხოლოდ. აღმასრულებელი დირექტორი იღებდა გადაწყვეტილებას, რა ფორმით და როდის მიეწოდებინათ ინფორმაცია საზოგადოებისათვის. თავიდან იყო მოსაზრება, რომ დეკემბრის დასაწყისში გაკეთებულიყო, მერე დეკემბრის შუა რიცხვებისთვის გადაიდო, რომ შუალედურ ანგარიშთან ერთად გამოაქვეყნებდნენ ამ ყველაფერს. მოკვლევის მიხედვით, რატომ მყისიერად და მაშინვე არ გახდა ამ ხარვეზის შედეგად ცნობილი, პასუხი იყო ასეთი, რომ მენეჯმენტი აცნობიერებდა საზოგადოებისთვის გაცნობის აუცილებლობას, ხვდებოდნენ, რომ აუცილებელი იყო ამის შესახებ საზოგადოებასთან, მაგრამ რადგან თვლიდნენ, რომ ცდომილება იყო მაქსიმუმ 1.7% და ეს გავლენას არ ახდენდა მანდატების განაწილებაზე, გადაწყვიტეს, აუდიტის პროცესის დასრულებამდე გადაედოთ ამის შესახებ კომუნიკაცია საზოგადოებასთან და გამოექვეყნებინათ შუალედურ ანგარიშთან ერთად“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

მისივე თქმით, გამგეობამ მიიჩნია, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია იყო დაგვიანებული და ამ დაგვიანებას არ გააჩნდა რეალური ახსნა.

„ჩვენთვის არ იყო დამაჯერებელი ის ახსნა და არგუმენტაცია, რასაც აღმასრულებელი დირექტორი ჩვენთან საუბრობდა. „ისფედის“ გამგეობა მიიჩნევს, რომ რეალურად ამ ხარვეზზე ინფორმაციის დროულად გაუვრცელებლობამ გამოიწვია ძალიან ბევრი ეჭვი, ბევრი სპეკულაციური, მათ შორის შეთქმულების თეორიების განვითარებაც კი, რამაც რეპუტაციული ზიანი მიაყენა მთლიანად ორგანიზაციას და კითხვის ნიშნები გააჩინა უშუალოდ აღმასრულებელი დირექტორის შესახებაც – ხომ არ იყო ის რაიმე ზეგავლენის ქვეშ, ხომ არ ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა და მთლიანად უშუალოდ PTV-ის სანდოობაც კი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება მენეჯმენტის მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ხარვეზი იყო ნამდვილად ადამიანური შეცდომა, რომელზე პასუხისმგებლობაც მთლიანად ექსპერტთა ჯგუფს ეკისრება და არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ადამიანს. მოგვიანებით უკვე აღმასრულებელმა დირექტორმა სწორად ვერ შეაფასა ხარვეზის დაგვიანებული კომუნიკაციის შედეგად გამოწვეული შედეგები, რომელიც „ისფედის“ რეპუტაციისთვის არის დამაზიანებელი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დაშვებული შეცდომები და დაგვიანებით განხორციელებული კომუნიკაცია, არის ის შეცდომები, რომელიც აყენებდა გამგეობისთვის აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

region
ავტ.: region დეკემბერი 25, 2020 17:09