„პატარა სიცრუე დიდ ტყუილს შობს-ანანიაშვილს შევუთანხმდი, რომ ის რუსი ბალერინა იქნებოდა”

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი ვლადიმირ კეხმანი ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ რუსულ მედიასთან საუბრობს. ის ნინო ანანიაშვილს ინტერვიუს მიცემის გამო შეთანხმების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

“თებერვალში თბილისში სპეციალურად ჩავედით, რათა ნინო ანანიაშვილი გაგვეცნო. ყველა რისკის გათვალისწინებით, მე მას ვთხოვე და შევთანხმდით, რომ ჩემთვის პრინციპული საკითხი იყო, ის რუსი ბალერინა ყოფილიყო. ის ძალიან დიდხანს ფიქრობდა. ჩვენ მას მოველაპარაკეთ და საბუთებს ხელი მოვაწერეთ. ის ნოვოსიბირსკში დეკემბრის ბოლოს ჩამოფრინდა, ნახა თეატრი, იყო შთაბეჭდილების ქვეშ. შემდეგ ჩემთან გამოფრინდა პეტერბურგში და ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით ყველა დეტალზე”, – ამბობს ვლადიმირ კეხმანი ინტერვიუში.

„როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა, ანუ მისი ინტერვიუ, რომელიც მან შობის წინ მისცა (ასეთი საჩუქარი ნინასგან შობაზე)… ეს პირველ რიგში, უპატივცემულობაა კოლექტივისადმი. მეორე მომენტი: ამ ინტერვიუში მისი მოტივაციები – რატომ მოდის ის ნოვოსიბირსკში, სულ სხვაა და არა ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით. ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობდით“, – განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

კეხმანის თქმით, „პატარა სიცრუე დიდ ტყუილს შობს“. „ჩემთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები, მეორე რიგში კი – პროფესიონალური“, – განაცხადა მან.

როგორც ვლადიმირ კეხმანი აღნიშნავს, ის აღფრთოვანებული იყო თბილისის თეატრის სილამაზით და სურდა, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული რთული ურთიერთობების პირობებში, ქართულ თეატრთან ეთანამშრომლა.

6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას თავად უთხრა. იმავე ინტერვიუში ნინო ანანიაშვილმა ისიც თქვა, რომ ამავე დროს ის ქართულ დასსაც უხელმძღვანელებდა.

banner
წინა სტატიაშიჩოხატაურის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის შეხვედრა დასრულდა
შემდეგი სტატიაბოკერია ელისაშვილი-ხვიჩიას ინიციატივაზე: ეს იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ