პასუხისმგებლობა ქვეყნის წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც ხელისუფლებას ეკისრება და ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით – შავგულიძე პრემიერს

განსაკუთრებით ბოლო ხანებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და პირადად თქვენც, ბატონო პრემიერო, ისეთი ნაბიჯი გადადგით, რაც პირდაპირ ხელს უშლის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრირებას, – ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიმართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

შალვა შავგულიძემ პრემიერ-მინისტრს მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეახსენა, რომელიც დეპუტატის თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირებას ხელს უშლის.

„ასეთი იყო მაგალითად, ევროკავშირის უშუალო ჩართულობით და შუამავლობით შექმნილი ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომლის სახელწოდებაა „საქართველოს სამომავლო გზა“ და რომელიც გზამკვლევ, სამოქმედო გეგმას წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირებისათვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასვლა. ასეთი ნაბიჯი იყო ბატონო პრემიერო, თქვენი საჯარო განცხადებები, რომ ომი უკრაინაშია და რომ თქვენ თქვენი საქმეები გაქვთ, რომ საქართველო არ უერთდება დასავლეთის და მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, რომ დასავლური სანქციები არ მუშაობს და სხვა, რომლებმაც ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების და მოკავშირეების იმედგაცრუება გამოიწვია, ხოლო ოკუპანტის ქვეყნის და მტერი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მოწონება დაიმსახურა. უდავოა, რომ ამგვარი ნაბიჯები ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფუჭია მცდელობა, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებაზე ევროკავშირიდან უარის მიღების შემთხვევაში, ეს უარი ოპოზიციას გადააბრალოს. პასუხისმგებლობა ქვეყნის წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც ხელისუფლებას ეკისრება და ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით. ჯერ კიდევ არის დრო, გარკვეულწილად, მდგომარეობა გამოასწოროთ და გადადგათ მკაფიო ნაბიჯები, რათა სარწმუნო გახდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სურს საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომა“, – განაცხადა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშისაჭიროა სიფრთხილე არამარტო უკრაინის ომთან და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, არამედ იმაშიც, რომ ჩვენი ანტაგონიზმი არ გადაიზარდოს რაიმე სახის აფეთქებაში, ამ სიფრთხილეში მეც მხარს ვუჭერ პრემიერს – ზილფიმიანი
შემდეგი სტატიათავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ასეთი ფაქტები,“შავი ხვრელი“ არ არსებობს, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, მერწმუნეთ, აქედან სახლში არა, ცუდ ადგილას წახვალთ – ნაცვლიშვილი ღარიბაშვილს