პასუხი გუმენისის მიტროპოლიტ დიმიტრის ანტიქართულ და დეზინფორმაციულ განცხადებას-რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

პასუხი გუმენისის მიტროპოლიტ დიმიტრის ანტიქართულ და დეზინფორმაციულ განცხადებას-ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქ გვერდზე წერს.

დეკანოზი ვრცელ პოსტს , აქვეყნებს,რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ

,,გაკვირვებული და შეშფოთებული გავეცანი საბერძნეთის ქ. გუმენისის მიტროპოლიტ დიმიტრის ანტიქართულ, საქართველოს ისტორიის სრულიად დამახინჯებულ და უცოდინრულ წარმოჩენას მის სიტყვაში, რომელიც გავრცელდა საინფორმაცო სააგენტო “რომფეა”-ს მიერ.

დიდად დამამწუხრა მართლმადიდებელი იერარქის მხრიდან სიცრუის ტირაჟირებამ, რადგან ეპისკოპოსი ვალდებულია მხოლოდ სიმართლე ილაპარაკოს და არ დათესოს საცდური მრევლში. მისი სიტყვებიდან კარგად სჩანს, რომ მის მიერ გაარქიმანდრიტებულმა მღვდელ-მონაზონმა დოროთე დბარმა, რომელიც, შვიდი წელი მისი სტუმარი იყო, მასზე უდიდესი იდეოლოგიური გავლენა მოახდინა და გამომდინარე საკითხში მისი უმეცრებიდან, სრულიად მოაქცია საკუთარ იდეოლოგიურ ყალბ პლატფორმაზე.

სამწუხარო ისაა, რომ მიტროპოლიტი მღვდელ-მონაზვნის მოსწავლედ ქცეულა, მაგრამ თან ცუდ მოსწავლედ, რადგან მის სიტყვაში უამრავი ლაპსუსი და კურიოზული შეცდომაა, რაც წესით დოროთე დბარს არ მოუვიდოდა. განვიხილოთ დეტალურად გუმენისის მიტროპოლიტის შეცდომები და ცრუ ბრალდებები საქართველოს ქვეყნის და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ.

გუმენისელი მიტროპოლიტი ბრძანებს: “ბიზანტიის დროს მსოფლიო საპატრიარქოს დიპტიქში არსებობდა აფხაზეთის სამიტროპოლიტო, როგორც ადგილობრივი ეკლესია. როგორც პოლიტიკური ნაწილი კომუნიზმამდე რუსეთს ეკუთნოდა, ქართველმა სტალინმა კი 1918/1921 წლებში პოლიტიკურად მის განსაკუთრებულ სამშობლოსთან გააერთიანა. კომუნიზმის დროს კი 1937 წელს აფხაზეთის სამიტროპოლიტო იძულებით საქართველოს საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1937 წლიდან დღემდე საქართველოს ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს აფხაზების და სამხრეთ ოსების უფლებებს. ადამიანურად ამის გამართლება შეგვიძლია, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო ფუნქციონირებდა და ფუნქციონირებს როგორც ეროვნული ქართული ეკლესია.”

-დიახ, ბიზანტიის იმპერიის არსებობის გარკვეულ ხანაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტის ქვეშ მართლაც არსებობდა აფხაზეთის (აბაზგიის), ანუ სებასტოპოლისის (იგივე სოხუმი) საარქიეპისკოპოსო (და არა სამიტროპოლიტო), მაგრამ ეს იყო ვიდრე მე-9/10 საუკუნემდე. ბიზანტია კი მე-15 საუკუნის ჩათვლით არსებობდა, მიტროპოლიტი ვალდებულია დააკონკრეტოს საუკუნე, რადგან შემდგომი მთელი 6 საუკუნე ბიზანტიის იმპერიის ხანაში, ანუ X-XV საუკუნეებში, აფხაზეთი და მთელი დასავლეთ საქართველო წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიის ნაწილს, ქართული წირვა-ლოცვით და ქართველი იერარქებით, რომელსაც სტრუქტურულად ერქვა აფხაზეთის, ანუ მთელი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო, ცენტრით ბიჭვინთაში (ძველი პიტიუნტი), ხოლო მე-16 საუკუნიდან აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდანცია გადმოდის ქუთაისის მახლობლად, გელათის დიდ მონასტერში, რაც გამოწვეული იყო აფხაზეთის ოსმალთა ოკუპაციით და აფხაზეთში ჩრდილოკავკასიელი წარმართი მთიელების ჩამოსახლებით. მიტროპოლიტი გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო კოლხეთის სამეფოს (ანე ქართველური ტომის, მეგრელ-ლაზთა ქვეყნის) ნაწილი, რომელსაც ქართულად ეგრისი ეწოდებოდა, ხოლო ბერძნულად კოლხეთი, ან ლაზიკა, და მთელს კოლხეთს აფხაზეთი ეწოდა მმართველი სამეფო დინასტიის გამო VIII-X საუკუნეებში. არც იმის შესახებ იცის, რომ აფხაზეთი ბაგრატიონთა ქართული სამეფო დინასტიის სამეფოში შედიოდა, და ქართველი მეფეები მთელი XI-XVI საუკუნეების მანძილზე, მათ შორის წმ. დავით IV აღმაშენებლი და წმ. თამარი ატარებდნენ ოფიციალურ ტიტულს “აფხაზთა და ქართველთა მეფე”, რის გამოც XI-XV საუკუნეების ბიზანტიურ, სომხურ, არაბულ წყაროებში ძალიან ხშირად საქართველოს, ანუ იბერიას ეწოდება აფხაზეთი, ხოლო ქართველ ერს და ქართველ მეფეებს აფხაზები. აქედან სჩანს, რომ სამწუხაროდ მიტროპოლიტი არ იცნობს არც ბერძნულ საისტორიო წყაროებს.

XVI საუკუნიდან, როდესაც საქართველოს ერთიანი სამეფო დაიშალა პროვინციულ სამეფოებად და სამთავროებად, აფხაზეთის საერისთაოს იპყრობს ოსმალეთის იმპერია, დაიწყო ქრისტიანობის გაქრობა აფხაზეთში, ქართველი ეპისკოპოსები და საეკლესიო საგანძურები გადარჩენის მიზნით გადმოდიან დასავლეთ საქართველოს სიღრმეებში, ამის გამო მოიშალა ბიჭვინთის (პიტიუნტის), დრანდის, მოქვის, ბედიის ქართული საეპისკოპოსოები აფხაზეთში.
სამწუხაროა რომ მიტროპოლიტმა არ იცის აფხაზების, ანუ აფსუების რელიგიური ვითარება მე-19 საუკუნეში, როდესაც აფხაზეთი რუსეთის იმპერიამ წაართვა ოსმალეთს, ამ დროს აფხაზთა ნახევარი მუსლიმი იყო, ხოლო მეორე ნახევარი სრული წარმართი, რომლებიც მიცვალებულებს ხეებზე ჩამოკიდებით “ასაფლავებდნენ”. ამ პერიოდში მუსლიმ აფხაზთა დიდი ნაწილი თავისი ნებით აიყარა აფხაზეთიდან და ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა, რადგან არ სურდათ ქრისტიანული რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ცხოვრება, ხოლო დარჩენილ აფხაზთა შორის უდიდესი მისიონერული მოღვაწეობა გასწიეს ქართველმა ეპისკოპოსებმა, წმ. ალექსანდრე ოქროპირიძემ და წმ გაბრიელ ქიქოძემ. მათი ქადაგებებისა და მოღვაწეობის შედეგად რამდენიმე ათეული ათასი აფხაზი გაქრისტიანდა. ეს ხდებოდა 1850-1870-იან წლებში.

1880-იანი წლებიდან რუსეთის იმპერიამ შეწყვიტა აფხაზეთში ქართველი ეპისკოპოსების დადგინება და ნიშნავდა მხოლო ეროვნებით რუსებს, მიზანი იყო აფხაზეთის რუსიფიკაცია, რაც ხდებოდა აფხაზეთში დიდძალი რუსების ჩასახლებით და აფხაზეთის ეკლესიებში ქართულის ნაცვლად რუსული წირვა-ლოცვის დანერგვით. ეს ძალადობა ხდებოდა არამხოლოდ ეთნიკურად აფხაზურ სამრევლოებში, არამედ ქართულ სამრევლოებშიც, რომლებიც მრავლად იყო აფხაზეთში, გასაკუთრებით სამურზაყანოში (დღევანდელი აღმოსავლეთი აფხაზეთი, ისტორიულად სამეგრელოს პროვინციის ნაწილი). რუსი ეპისკოპოსების მმართველობისას შეწყდა აფხაზთა გაქრისტიანების პროცესი, რაც დიდი წარმატებით ხორციელდებოდა ზემოხსენებული ქართველი ეპისკოპოსების მიერ.

მიუხედავად ამისა, თვით რუსეთის იმპერიის მმართველობის ხანაში აფხაზეთის ეპარქია ყოველთვის შედიოდა საქართველოს საეგზარქოსოს შემადგენლობაში. რუსეთის იმპერიის დამხობის შემდგომ, 1917 წელს საქართველოს საეგზარქოსოს ქართველმა ეპისკოპოსებმა გამოაცხადეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სოხუმ-აფხაზეთის რუსმა ეპისკოპოსმა ბუნებრივია არ დაუჭირა მხარი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდეგენას, რადგან მთელი რუსული იერარქია გააფრებული ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეკლესიის გათავისუფლებას რუსული საეკლესიო მარწუხებიდან. 1918-19 წლებში აფხაზეთში პრორუსული ბოლშევიკური მთავრობა ბატონობდა, რომელიც არ სცნობდა 1918 წელს მენშევიკური პარტიის მეთაურობით გამოცხადებულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. 1919 წელს სოხუმი დაიკავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიამ და პრორუსი ბოლშევიკები განდევნილ იქნენ, სოხუმში საქართველოს ეკლესიამ დაადგინა მიტროპოლიტად წმ. ამბროსი ხელაია, რომელიც მანამდე მრავალი წელი მოღვაწეობდა აფხაზეთში.

რუსი ეპისკოპოსი არ განუდევნიათ ქართველებს აფხაზეთიდან, ის ერთხანს რჩებოდა აფხაზეთში და რუსულ სამრევლოებზე აგრძელებდა მმართველობას. 1921 წელს წმ. ამბროსის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შემდგომ სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიას მართვადნენ შემდგომი ეპისკოპოსები: მიტროპოლიტი იოანე მარგიშვილი (იგივე მარგიევი), ეთნიკურად ოსი, საქართველოს ეკლესიის მიერ ხელდასხმული სოხუმის ეპისკოპოსად 1921-1926 წლებში, მიტრ. ქრისტეფორე ციცქიშვილი 1926-1927 წლებში (1927 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), მიტრ. მელქისედეკ ფხალაძე 1927-1928 წლებში (ბოლოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), 1929-1934 წლებში აფხაზეთის ეპარქიას მართვადა მიტრ. ვარლამ მახარაძე (შემდგომში საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული, გარდაიცვალა შუა აზიაში მოწამეობრივად), 1935-1938 წლებში აფახზეთის მიტროპოლიტი მეორეჯერ არის მელქისედეკ ფხალაძე. სტალინური საბჭოთა ხელისუფლების მიერ წამოწყებული დიდი რეპრესიების გამო 1938 წლიდან აფხაზეთის ეპარქია ვაკანტური, უეპისკოპოსო გახდა. აამდენად, დიდი უმეცრება და ცილისწამებაა გუმენისელ მიტროპოლიტ დიმიტრის მტკიცება, რომ საქართველოს ეკლესიამ აფხაზეთში იურისდიქცია 1937 წლიდან დაიწყო, თანაც “იძულებით”. ხოლო ბოლშევიკი სტალინის მიერ თითქოს 1918-21 წლებში აფხაზეთის საქართველოსთვის შეერთება, მიტროპილიტ დიმიტრის კურიოზული ანაქრონიზმია. ესე იგი საერთოდ არ იცნობს სტალინის ბიოგრაფიას და კომენტარიც კი ზედმეტია.ლენინის მარჯვენა ხელი, წარმოშობით ქართველი სტალინი 1921 წელს მოსკოვიდან ორგანიზაციას უწევდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველო-აფხაზეთის ოკუპაცია-დაპრობას, რის შემდეგაც აფხაზეთი დარჩა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემდგენელ ავტონომიურ ნაწილად.

საქართველოს ეკლესია იმიტომ კი არ ადგენდა ეთნიკურ ქართველებს სოხუმში ეპისკოპოსოებად, რომ აფხაზ ეთნოსს ბლოკავდა იერარქიაში, არამედ იმიტომ, რომ აფხაზების დიდი ნაწილი დღესაც არის მუსლიმი და წარმართი, ხოლო მცირერიცხოვან ქრისტიან აფხაზებში ბერობის მსურველიც კი არავინ იყო, მით უფრო საეპისკოპოსო კანდიდატი. ხოლო როგორც ვიხილეთ, 1920-იან წლებში საქართველოს ეკლესიის მიერ ეთნიკური ოსი იყო დადგენილი სოხუმის ეპისკოპოსად. შესაბამისად, აფხაზების, ან ოსების მიმართ ვითომდა დისკრიმინაცია საქართველოს ეკლესიის მხრიდან, არის მიტროპილიტ დიმიტრის თავხედური და უმეცრული ცილისწამება საქართველოს უძველესი სამოციქულო წმინდა ეკლესიის მიმართ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთში აფხაზებზე მეტი ქართველები ცხოვრობდნენ. 1992-3 წელს ომის შედეგად 300 000 ქართველი იქნა გამოდევნილი აფხაზეთიდან. აფხაზებმა დახვრიტეს კომანის მონასტრის ქართველი იღუმენი, მამა ანდრია ყურაშვილი, უიარაღო, მშვიდობიანი მლოცველი, დიდი ასკეტი მონაზონი. მასთან ერთად დახვრიტეს ცნობილი აფხაზი მოღვაწე, უიარაღო მოქალაქე, იური ანუა, მისი პროქართული ორიენტაციის გამო. და დღესაც აფხაზეთის ფსევდო სახელმწიფოში აფხაზებზე რიცხობრივად ბევრად მეტი სხვა ეროვნების ხალხები – რუსები და სომხები არიან, ასევე გალის რაიონში (ისტორიულად სამეგრელოს პროვინციის ნაწილი) დღესაც მხოლოდ ქართველები (მეგრელები) ცხოვრობენ და მიმდინარეობს მათი ქართული იდენტობის განადგურება, აკრძალული და გაუქმებულია მათი ქართული სკოლები. შესაბამისად, აფხაზეთში არა აფხაზი ეპისკოპოსების დადგინება საქართველოს ეკლესიის მიერ იყო სავსებით ბუნებრივი და ობიექტური ქმედება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მაღალყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრი, გუმენისის მიტროპოლიტი რუსულ-აფხაზური ანტიქართული დეზინფორმაციული ომის მსხვერპლია და თავისდაუნებურად ქცეულია დოროთე დბარის ინტრიგების მსხვერპლად. თუ დბარს ჰქონდა მაიკოპისა და ადიღეს რუსი ეპისკოპოსისგან განტევების სიგელი, როგორც ამბობს გუმნისელი მიტროპოლიტი, რატომღა აუკრძალა მას მღვდელმოქმედება თავისმა მაკურთხებელმა ეპისკოპოსმა? თუ გუმენისის მიტროპოლიის კლირიკოსად მიიღო იგი მეუფე დიმიტრიმ, რატომ მსახურობს დბარი აფხაზეთში? აფხაზეთი გუმენისის მიტროპოლიის ტერიტორია?! მიტრ. დიმიტრი სამართლინად ბრალს სდებს რუსეთის ეკლესიას აფხაზეთში იურისდიციულ შეჭრაში, მაგრამ განა იგივეს არ აკეთებს თავად?! ნუთუ სხვას რაც არ ეკადრება, მას ეკადრება?! და ბოლოს მიტროპოლიტ დიმიტრის მდაბლად ვურჩევ წაიკითხოს ანტიოქიის პატიარქ მაკარიოს მესამის, იერუსალიმის პატრიარქების დოსითეოსის და ქრიზანთოსის შესაბამისი საისტორო ჩანაწერები საქართველო-აფხაზეთის შესახებ, რათა მეტნაკლები წარმოდგენა შეექმნას იმ რეგიონზე და ქვეყნაზე, რომელზედაც ასეთი დილეტანტური წარმოდგენა აქვს.”-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე კინაღამ ხაჭაპურივით გამოაცხვეს იმ განცხადების გამო-მელია
შემდეგი სტატია6-7 ოქტომბერს საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი