6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

ფაშინიანი: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დადგება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ერევნის ევროკავშირთან თანამშრომლობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დადგება.

ამის შესახებ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ამ კონტექსტში, ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან არასდროს ყოფილა და არც არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ეს კავშირები და ურთიერთობები ძალიან ღრმაა და განხილვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებების შემდეგ სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა. სომხეთის პრემიერმა რუსეთს სამშვიდობო პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში. ჩვენ ეს საკითხი არაერთხელ განვიხილეთ, ძირითადად სამუშაო ფორმატში. დიახ, ჩვენ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ვაღიარეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთეთ, რაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ორჯერ საჯაროდ განაცხადა ამის შესახებ. გახსოვთ, ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ამასთან, მისივე თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა, რაც ხანგრძლივი მუშაობისა და მრავალი საერთაშორისო მოთამაშის მონაწილეობის შედეგია.

„როგორც უკვე ვთქვი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. თქვენ ახსენეთ პრეზიდენტი ტრამპი. ცხადია, მან წვლილი შეიტანა ამ პროცესში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ასევე ხაზი გაუსვა „სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაში რუსეთის მნიშვნელოვან როლს“.

„თუმცა, ცხადია, რომ თქვენც პირადად თამაშობდით და ახლაც თამაშობთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში საკვანძო, ძალიან მნიშვნელოვან როლს. თქვენ ყოველთვის უჭერდით მხარს ყველა ამ პროცესს და ჩვენ ყოველთვის მჭიდრო კონტაქტზე ვიყავით. მე ყოველთვის პერიოდულად გაცნობებდით მიმდინარე მოვლენების შესახებ,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

banner
წინა სტატიაში„აქსიოსი“ – ტრამპი ირანის ომთან დაკავშირებით, მეტწილად იმპროვიზაციით მოქმედებს და არა მკაფიო გეგმის მიხედვით
შემდეგი სტატიაზუგდიდში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა