პაშინიანი პუტინს სამხედრო დახმარებას სთხოვს

პაშინიანი პუტინს სამხედრო დახმარებას სთხოვს

სომხეთში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ პაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სომხერ-რუსული შეთანხმების საფუძველზე დახმარების მისაღებად მიმართა, მათ შორის, საუბარია სამხედრო დახმარებაზე –
ამის შესახებ სომხური “azatutyun”-ი წერს.

შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა აუცილებელი რუსეთისთვის მიმართვა, სომხეთის პარალმენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა უპასუხა: “იმიტომ რომ მიმდინარე ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოყენებულია, მათ შორის, დიპლომატიური არხები, რომ საკითხი გადაწყდეს, რადგანაც, ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი პრობლემა, ის თუნდაც სომხეთის სუვერენული რესპუბლიკის ერთ კილომეტრს ეხებოდეს”.

ადრე პაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭოს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების თავმჯდომარეს, ტაჯიკეთის პრეზიდენტს ემომალ რახმონს მიმართა, რათა შეთანხმების წევრ-სახელმწიფოებს კოორდინირებული პოზიცია გამოეხატათ სომხეთში შექმნილი საფრთხის ირგვლივ. ამ შეთანხმების წევრი ქვეყნები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ნიკოლ პაშინიანის თქმით, აზერბაიჯანელი სამხედროები ორი დღის წინ “საზღვრის კორექტირების” მიზნით სომხეთის ტერიტორიაზე 3,5 კმ-ით შეიჭრნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ სომხურ ენაზე მოუწოდა – წუხელ, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა. “აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ გაყვანა. მე სომეხ ხალხს კიდევ ერთხელ ვეუბნები, რომ საფრანგეთი თქვენთან რჩება” – მაკრონს “დოიჩე ველე” ციტირებს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ არმია 2020 წლის 10 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების თანახმად საკუთარ პოზიციებს იკავებს.

ფოტო: armenia-im.squarespace

banner
წინა სტატიაშიმელია პარლამენტში შესვლაზე: ბევრმა შეიცვალა გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაგერმანიაში უსახლკაროებს Johnson & Johnson-ით აცრიან