ფარული ვიდეოჩანაწერების საქმე – მოსამართლემ 7 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, ერთს კი – პატიმრობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე მაკა გველესიანმა პროკურატურის შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა მხოლოდ ზურაბ სოლომნიშვილს. გამოძიება მას youtube.com-ზე ფარული ჩანაწერის განთავსებას ედავება. მისი ადვოკატი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას 48 საათის ვადაში გაასაჩივრებს.

“სრულიად დაუსაბუთებელი იყო მოსამართლის პოზიცია, თუნდაც აღკვეთის ღონისძიების სახით, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით,”-აცხადებს ადვოკატი, მუხრან ღურწკაია.

აღკვეთის ღონისძიების სახით ირმა ხოროიშვილს – 10000 ლარის, ინგა ხოროიშვილს – 2000 ლარის, სერგო ირემაშვილს – 5000 ლარის, გიორგი ფარცვანიას – 5000 ლარის, სპირიდონ სურამელს – 10000 ლარის, გიორგი კასრაძეს – 5000 ლარის, ბადრი ჩოფრიანს – 5000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ.

“ბრალდების მხარეს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ აღნიშნული 7 პირის მიმართ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძველი რომ მათ მიმართ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული,”-აცხადებს პროკურორი, თორნიკე მარსაგიშვილი.

სასამართლოს სხდომა, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. სასამართლომ ყველა მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. საბოლოო ჯამში, ბრალდებული 17 პირიდან სამს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს კი გირაო შეეფარდა.

banner
წინა სტატიაში2018 წელს თბილისში გაზის 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა
შემდეგი სტატიაადვოკატთა ასოციაციის წევრები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ