ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირი 5 000-ლარიანი გირაოთი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. ზაალ ლატარია, ზურაბ სოლომნიშვილი, თემურ ირემაძე და ანტონ ღლონტი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ იშუამდგომლა. როგორც პროკურორმა განმარტა, ამის საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოებები გახდა.

„მოვიძიე ინტერნეტში და შემდეგ გავუგზავნე რამდენიმე მეგობარს. აღიარებას რაც შეეხება, ამას თავიდანვე არ უარვყოფდი. ახლაც ვამბობ, რომ მოვიძიე ეს კადრები ინტერნეტში, გადმოვწიერე და რამდენიმე ადამიანს გავუგზავნე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანტონ ღლონტმა.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული, 4 პირს კი, პატიმრობა.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის მერიაში პროტესტის ნიშნად ღამის ქოთნები მიიტანეს
შემდეგი სტატიაყვითელი მიკროავტობუსები ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრავებენ – მერის მოადგილე