4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ფარულავა: “ოცნება” აკანონებს დიქტატურას, ეს არჩევნების გაუქმებაა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიგა ფარულავას შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა და მანანა კობახიძის მიერ პროცესისგან განრიდება ნათლად მიანიშნებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მოსამართლეებს შესაბამისი დავალება მისცა. როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, პარტიების აკრძალვის მცდელობა და დიქტატურის გაფორმება მმართველი გუნდისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.

„დღევანდელი პოლიტიკური პროცესების დროს „ოცნების“ რეჟიმისგან არაფერი არ არის გამორიცხული. მანანა კობახიძის გადაწყვეტილება, რითაც განერიდა პროცესს, ნათლად მიანიშნებს, რომ „ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და დავალებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის. მანანა კობახიძეს უნდა ესმოდეს, რომ ერთია შენ განერიდო პროცესს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს და ოპოზიციურ პარტიებს, არამედ მთლიანად აზიანებს ქვეყანას, როგორც საგარეო დონეზე, ასევე ქვეყნის შიგნით, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და სურვილი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მკაფიოდ თქვას, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სწორედ ახლა, ამ დროს. თქვას, რა დავალება აქვს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს და რა პროცესები იქნება ამის შემდეგ.

რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო სარჩელს, ჩვენთვის მიუღებელია საკონსტიტუციო მექანიზმების გამოყენება პარტიების აკრძალვისთვის. თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიები უნდა დაამარცხო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. „ოცნებამ“ აირჩია გზა, რომელიც ფაქტობრივად აფორმებს დიქტატურას. ჩვენ თავიდანვე არ გამოვრიცხავდით, რომ „ოცნება“ ამ ნაბიჯს გადადგამდა. დღეს უკვე ნათელია, რომ სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩვენი პარტიაც არის დამატებული. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილა, პარტიების აკრძალვა, ჩვენი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელში დამატება, „ოცნებისთვის“ იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი. ისინი აკანონებენ დიქტატურას, ეს ასევე ფაქტობრივად არჩევნების გაუქმებაა, შესაბამისად, ეს პროცესი იქნება კატასტროფული შედეგის მომტანი მათთვის“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაშიკახეთის გზატკეცილზე სატვირთო ამობრუნდა — ადგილზე საპატრულო და სახანძრო ეკიპაჟებია მობილიზებული
შემდეგი სტატია“ძლიერი საქართველო – ლელო”: “ოცნებას” შეუძლია გააუქმოს პარტია, მაგრამ ვერ გააუქმებს ქართველ ხალხს