“პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე სიმბოლურად ვაკანტური უნდა იყოს”

ყრილობამ არ უნდა აირჩიოს პარტიის თავმჯდომარე, რამდენადაც ახლა მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს თანამდებობა სიმბოლურად უნდა იყოს ვაკანტურად დატოვებული ამ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე, – განაცხადა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს ყრილობის დაწყებამდე.

როგორც თაქთაქიშვილმა აღნიშნა, ის ყრილობაზე მივიდა, რათა დააფიქსიროს ის პოზიცია, რაც მხარდამჭერების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს.

„დღევანდელი პოლიტსაბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მხარდამჭერებს ასე აინტერესებდეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტსაბჭო. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გამოვთქვა ის პოზიცია, რაც აქვს ჩვენი მხარდამჭერების აბსოლუტურ უმრავლესობას. ისინი მხარს უჭერენ იმას, რომ იყოს დიდი,7000 კაციანი ყრილობა, დელეგატების შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და არ იყოს შესაძლებლობა გარკვეული მანიპულაციების. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ყრილობამ არ უნდა აირჩიოს პარტიის თავმჯდომარე, რამდენადაც ახლა მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს თანამდებობა სიმბოლურად უნდა იყოს ვაკანტურად დატოვებული ამ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე“,- აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ პოლიტსაბჭო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, გახდება თუ არა ეს პარტიის განხეთქილების მიზეზი, ჩიორა თაქთაქიშვილი პასუხობს, რომ მას ასეთი მოლოდინი არ აქვს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტიის ერთიანობის დემონსტრირება და სწორედ ამის დემონსტრირება იქნება ის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ შევთანხმდებით 7000 კაციან ფართომასშტაბიან ყრილობაზე, როდესაც არავის დარჩება იმის ეჭვი, რომ ხდება სპეციალურად მცირე ყრილობის მოწვევა, რომ არ იქნეს ასახული ჩვენი მხარდამჭერების პოზიციები”,- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა შესაძლოა, ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადოს
შემდეგი სტატიაონლაინ სესხების კომპანიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ