პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებს არ აითვისებენ, დაფინანსება შეუწყდებათ

„საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ კანონპროექტი შევიდა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

უფრო კონკრეტულად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები, ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან 1 წლით შეუჩერდებათ.

ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

გარდა ამისა, ცვლილება შედის რეგლამენტში, რომლის თანახმადაც, შრომის ანაზღაურება გაუნულდება დეპუტატს, რომელიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრება.

„საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები, და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს“,- დასძენს ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ პრეპარატი „რემდესივირი“ მიიღო
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: ტრანსგენდერ პატიმარს პენიტენციური შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ აწვდის