ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ქართველი ხალხის მრავალწლიანი უწყვეტი ბრძოლის შედეგია. საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს ევროკომისიის რეკომენდაცია სხვაგვარი ყოფილიყო.
საქართველოს მოქალაქეებმა ეს შანსი არაერთხელ გადაარჩინეს. გადაარჩინეს მაშინ, როდესაც, მასშტაბური სამოქალაქო პროტესტის გზით, აიძულეს რუსული ხელისუფლება განაცხადი შეეტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. გადაარჩინეს მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანი და უკომპრომისო ბრძოლით, რადგან ამ კანონით ივანიშვილის ხელისუფლება საბოლოოდ მოკლავდა კანდიდატის სტატუსი მიღების შანსს. გადაარჩინეს ყოველ ჯერზე, როცა ათი ათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში უკრაინისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, რითაც პასუხს სცემდა შეკითხვას სად არის საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ადგილი.
ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია არ არის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა აჩენს შანსს, რომ ევროპულმა საბჭომ 14-15 დეკემბრის სამიტზე მოგვანიჭოს სტატუსი. რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო თუ სასამართლო სისტემისადმი ნდობის შექმნას და ქვეყნის დეოლიგარქიზაციას, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმისათვის, რომ საქართველო მოხვდეს ევროკავშირის გაფართოების შემდეგ ტალღაში. ამ რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება ამ ხელისუფლებას არასოდეს ჰქონია და არც მომავალში ექნება.
რუსული ხელისუფლება აუცილებლად გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის საბოტაჟს. ქართველი ხალხის მთავარი ბრძოლა კი ჯერ წინაა. საქართველოს ევროპულობის შესახებ გადამწყვეტ განაცხადს ქართველი ხალხი არჩევნების დღეს გააკეთებს.
დასკვნის ტექსტიდან ნათელია, რომ ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა იმიტომ რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი არამედ იმიტომ რომ ევროპა აფასებს ქართველი ხალხის ურყევ ნებას და არასოდეს მიატოვებს მას ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.
ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნაზე ევროკომისიის რეკომენდაციას. ეს რეკომენდაცია ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყნების პროგრესის გარეშე, საქართველოსაც გაუჭირდება ევროკავშირში გაწევრიანება. სამწუხაროა, რომ ივანიშვილის რუსეთისადმი მაამებლურმა პოლიტიკამ და ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილმა დაგვაკარგვინა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სწრაფი განვითარების ძვირფასი დრო. და დღეს, არ ვიწყებთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად,-ნათქვამია პარტიების „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ განცხადებაში.