პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ

პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი დღეს დაჩქარებული წესით, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით გავა.

პროექტის მიხედვით, პარტია, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ასევე, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან, რაც შეეხება პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას კანონპროექტის ამ ნაწილის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკითხზე პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან სპეკულაციები ისმის.

„ჩვენ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ პარტიებისთვის დაფინანსების დარეგულირების საკითხს, ასევე რეგლამენტში ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება პარლამენტის წევრის საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობის შესაბამისი ანაზღაურების გაცემის ან შესაბამისი ანაზღაურების დაკავების საკითხს.

გვესმის სპეკულაციები პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს ჩვენ ვინმეს ვუხსნით დაფინანსებას, ეს არის ტყუილი, ვინაიდან ეს პროექტი შეეხება დემოკრატიის პრინციპის დაცვის დავალდებულებას ყველასთვის. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიაზე არის საუბარი, პარტია ვალდებულია განახორციელოს ხალხის წარმომადგენლობა, თუ ხალხის მიერ მიცემული მანდატის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ან იმოქმედებს შემდგომში რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი, ლოგიკურია, რომ თუ დაფინანსება ხალხის მანდატისა და ხალხის მეშვეობით გენიჭება და იმ შემთხვევაში თუ უარს ამბობ ამ მანდატის განხორციელებაზე, უნდა გადაწყდეს დაფინანსების საკითხი. თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია უარს იტყვის და პირდაპირ განახორციელებს საბოტაჟს საკუთარი ამომრჩევლის, ზოგადად, დემოკრატიის პრინციპისა და პარლამენტის როგორც კონსტიტუციური ორგანოს მიმართ, შემოთავაზებული რეგულაციით გათვალისწინებულია ერთ შემთხვევაში დაფინანსების შეწყვეტის საკითხი, მეორე შემთხვევაში დაფინანსების შეჩერების საკითხი. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს არჩევანის თავისუფლება, ვინაიდან ამ კანონპროექტს არ ექნება უკუძალა, პირიქით, ეს დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და ყველა პოლიტიკური პარტიის არჩევანის თავისუფლებას, იმოქმედებენ ხალხის ნების შესაბამისად, თუ ხალხი ნების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ოპოზიცია მეხუთე რაუნდამდე ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის გამო აზიის ქვეყნების ნაწილი დიდ ბრიტანეთიდან მგზავრების მიღებას წყვეტს