პარტიების აკრძალვის სარჩელის განმხილველი მოსამართლე ენმ-ის დროს პროკურორი იყო

ქართული ოცნების სარჩელს, რომელიც 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს, კოლეგიის თავმჯდომარეა მოსამართლე ვასილ როინიშვილი, წევრები კი არიან: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

საჯარო წყაროების მიხედვით, ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როინიშვილი ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობაში მუშაობდა, მათ შორის 2006-2008 წლებში იყო აჭარის პროკურორი და 2008-2009 წლებში კი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სარჩელში ოცნებას ნახსენები აქვს, სერჟანტი როინ შავაძის მკვლელობის საქმე “ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფის” ნაწილში, მოსამართლე ვასილ როინიშვილი შავაძის მკვლელობის დროს აჭარის პროკურორი იყო, მოგვიანებით კი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ დაწინაურდა.

გარდა ამისა, ბათუმელების ცნობით, როინიშვილი უშუალოდ იყო როინ შავაძის საქმის პროკურორი.

ვასილ როინიშვილის ბიოგრაფია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყენბული, რომლის თანახმადაც:

დაიბადა 1977 წლის პირველ თებერვალს ქ. თბილისში.

წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1999 წ.), სპეციალობით სამართალმცოდნეობა.

2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების ორგანოთა საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.

2002-2003 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო წარმოებათა სამმართველოს უფროსის თანამდებობა.

2003 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი.

2004 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში.

2004-2006 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; კადრების სამმართველოს უფროსი.

2006-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი.

2008-2009 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.

2009 წელს იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი.

2009-2020 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (სხვადასხვა დროს იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე).

2020 წლის 29 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილების – №28/პლ საფუძველზე დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 17 ივნისიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

2020 წლის 25 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ.

გარდა ამისა, ვასილ როინიშვილის ცოლი დიანა ცინდელიანი რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა. ვასილ როინიშვილის 2023 წლის დეკლარაციის თანახმად, დიანა ცინდელიანი რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციას 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ოქტომბრამდე იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში, გასაყიდ ღორის ფარშში ვირის დნმ აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა Qorus-Infosys Finacle Banking Innovation Awards 2025-ზე ვერცხლის ჯილდო მიიღო