პარტიების აკრძალვის კანონთა პაკეტს პარლამენტში მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს

ოლიგარქის პარლამენტში პარტიების აკრძალვის თანმდევი კანონების ცვლილებას II მოსმენით მხარი დაუჭირეს.

როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ კონკრეტული პარტია იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები, მაგალითად – საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

მისივე თქმით, პარტიას, რომელიც ასეთ პირს თავის რიგებში გააწევრებს და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება – ჯარიმა, ხოლო თუ კონკრეტული პარტიის მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი ახალ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ გადაწყვეტილების მიმღები იქნება, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვა არის შესაძლებელი, როგორც ე.წ. მემკვიდრე პარტიის.

ცნობისთვის, ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა “არსებითად იმეორებს”  სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.

“წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით მოქმედება”. – წერია ოცნების მიერ წარდგენილ კანონპროექტში.

დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან “ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას.”

banner
წინა სტატიაშიეუთოს თავმჯდომარე რუსთაველის გადაკეტვისთვის 5.000 ლარით დააჯარიმეს
შემდეგი სტატიააქციების შემზღუდავ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს