პარტიების აკრძალვაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დღეებში შევა – კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მოკლე დროში შევა:

„ალბათ ხვალვე, არ ვიცი. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტარებს შეაქვთ სარჩელი. ან ხვალ, ან მაქსიმუმ ორშაბათს უკვე სარჩელი შეტანილი იქნება სასამართლოში,“ – განაცხადა კობახიძემ აკრძალვაზე სარჩელის შესახებ შეკითხვის პასუხად.

ცნობისთვის, პარლამენტმა 16 ოქტომბერს, დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

ცვლილებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, “საარჩევნო კოდექსში“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ აისახა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, აკრძალული პარტიის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა პასიური საარჩევნო უფლებით ისარგებლონ – მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეული პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, შეეზღუდებათ კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

banner
წინა სტატიაშიჩელიაბინსკის ქარხანაში ორი აფეთქება მოხდა, ცხრა ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაახალმა კანონმა იმუშავა, რადიკალებმა ქუჩა ვერ გადაკეტეს – კობახიძე