15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

პარტია „ტისას“ ლიდერი: ყოველი ხმა მნიშვნელოვანია

პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაგიარმა განაცხადა, რომ ეს გადამწყვეტი არჩევნებია და მოქალაქეებს მოუწოდა, ხმის მიცემის უფლება გამოიყენონ.

მისი თქმით, მონაცემები რეკორდულ აქტივობაზე მიუთითებს და ყოველი ხმა მნიშვნელოვანია.

ამასთან, პიტერი მაგიარის განცხადებით, შეიქმნა ვებგვერდი, სადაც შესაძლო საარჩევნო დარღვევების შესახებ შეტყობინებებს იღებენ. პარტია „ტისას“ ლიდერის განმარტებით, ამ დრომდე დაახლოებით 60 შეტყობინებაა შესული.

პიტერ მაგიარმა გააფრთხილა მოქალაქეები, რომ შესაძლოა, პროვოკაციები განხორციელდეს. მან მოუწოდა უნგრეთის სამართალდამცავ ორგანოებს, შეასრულონ მოვალეობა კანონის შესაბამისად.

„ჩვენ წინაშეა არჩევანი – აღმოსავლეთი თუ დასავლეთი, პროპაგანდა თუ პატიოსანი საჯარო დისკურსი, კორუფცია თუ სუფთა საჯარო ცხოვრება, შემდგომი დეგრადაცია თუ ევროფონდების დაბრუნება და უნგრული ეკონომიკის გამოცოცხლება. ჩვენ წინაშეა არჩევანი – საარსებო კრიზისი თუ ღირსეული ცხოვრება. დღეს გადაწყდება უნგრეთის ბედი ძალიან დიდი ხნით. ვთხოვ ყველას, დააფიქსირეთ ხმა არჩევნებში. „ტისა“ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. კითხვა იმაში მდგომარეობს, მივიღებთ თუ არა ორ მესამედ მანდატს თუ მოგვიწევს მარტივი უმრავლესობით მართვა. გაცილებით უფრო მარტივი, ეფექტური და უმტკივნეულო იქნებოდა, ორი მესამედი მანდატი რომ მოგვენიჭოს. მაშინ უფრო ადვილად დავშლით ამ სისტემას, გავხლეჩთ ამ ობობის ქსელს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“, – აღნიშნა მაგიარმა.

პარტია „ტისას“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად მიაჩნია უნგრეთის პოზიციის განმტკიცება ევროკავშირსა და ნატო-ში.

banner
წინა სტატიაშიორბანმა მოუწოდა უნგრელებს, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ხმა დააფიქსირონ
შემდეგი სტატიაუნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება