პარტია „საქართველოსთვის“ პლატფორმას „დემოკრატია და კანონის უზენაესობა“ ააქტიურებს

ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის მხარდასაჭერად პარტია „საქართველოსთვის“ პლატფორმას „დემოკრატია და კანონის უზენაესობა“ ააქტიურებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

„პარტია „საქართველოსთვის“ საქმიანობის პროცესში აქტიურად იყენებს თემატურ პლატფორმებს, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული ექსპერტების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, ხორციელდება სხვადასხვა ინიციატივის და საკანონმდებლო წინადადების შემუშავება. ამ მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არაერთი თემატური შეხვედრა გაიმართა.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დააყენა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება. დღეს, ქვეყანაში კონსტიტუციური მართვის სისტემა მოშლილია, არ არსებობს ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა რეალური ბალანსი, ერთპიროვნული მმართველობაა. ქვეყანა იმართება არა კანონებით, არამედ პარტიის ნება-სურვილით. ხელისუფლებამ არჩევნები ჩაატარა სისტემური დარღვევებით – ზეწოლით, დაშინებით და მოსყიდვით; ღიად თქვა უარი სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობაზე; სახელმწიფო ინსტიტუტები/საჯარო სამსახური პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებარა. პრაქტიკულად ფორმალობად იქცა საპარლამენტო კონტროლი ძალოვან უწყებებზე და მთავრობაზე; ვიხილეთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ღია თავდასხმები სტრატეგიულ პარტნიორებზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებების დარღვევის წახალისების არაერთი ფაქტი და ა.შ.

ამ ფონზე, ვფიქრობთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენებით, ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის მხარდაჭერა – ქმედითი რეფორმები, რომლებიც, ერთი მხრივ, შეუქცევადს გახდის დემოკრატიზაციის პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, მოახდენს ავტორიტარიზმის პრევენციას. რეფორმები, რომლებიც ქვეყნის მდგრად დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში და რომელთა ეფექტიანობა არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკური ციკლის ცვლილებაზე. ამ მიზნით, პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ უფრო მეტად ააქტიურებს პლატფორმას – „დემოკრატია და კანონის უზენაესობა“.

პლატფორმა, ზემოაღნიშნული პრინციპების ერთგულებით, საკითხით დაინტერესებული ყველა აქტორის მონაწილეობით, შეიმუშავებს კონკრეტულ ხედვებს, ინიციატივებს და საკანონმდებლო წინადადებებს ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის, მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემის, ადამიანის უფლებების დაცვის და ქვეყნაში ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებებით.

პლატფორმის ფარგლებში უკვე შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივები: კერძოდ, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა დააინიცირა ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებები მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მიიღება საბჭოს წევრთა ორმაგი 2/3-ით. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „გავლენის ჯგუფების“ შესუსტება და ძალის ალტერნატიული ცენტრის შექმნა. ასევე, უკვე ინიცირებულია ცვლილებები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, რომელიც სრულად ასახავს საგამოძიებო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ცვლილებები წარმოადგენს ჩვენი გუნდის მიერ, 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაწყებული რეფორმის გაგრძელებას და მიზნად ისახავს გამოძიების ხარისხის ამაღლებას, გამომძიებლის დამოუკიდებლობის გაზრდას და როგორც საგამოძიებო, ისე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფას. ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მართლმსაჯულების სისტემის ცენტრალიზებულად სამართავად, პროკურატურის ხელში 2010 წლიდან თავმოყრილი განუსაზღვრელი ძალაუფლების დასაბალანსებლად.

ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, პლატფორმა „დემოკრატია და კანონის უზენაესობა“, თემატური შეხვედრების და სხვა ფორმატებში, პრიორიტეტულად განაგრძობს მუშაობას შემდეგ საკითხებზე: საჯარო სამსახურის დეპოლიტიზება, კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრა, ადგილობრივი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია, მართლმსაჯულების სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა განსაკუთრებული აქცენტით სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობაზე, რეალური საპარლამენტო კონტროლის უზრუნველყოფა სამართალდამცავ სისტემაზე, საარჩევნო კანონმდებლობის და პრაქტიკის სრულყოფა (მათ შორის ფულის და ადმინისტრაციული რესურსების როლი არჩევნებში), ადამიანის უფლებების დაცვა (გამოხატვის თავისუფლება, შეკრება-მანიფესტაციის უფლება, მედიის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არასრულწლოვნების, შშმ პირთა უფლებები, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და სხვა)“, – ნათქვამია პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჩვენ მათ ვთხოვეთ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა – ქართველი ექიმები აშშ-ის კონგრესისთვის გაგზავნილ წერილზე
შემდეგი სტატიაანა ფოტიგა – ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მივიღე