პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკურ საქმიანობას აჩერებს

CHERNOVECKIპარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკურ საქმიანობას აჩერებს.აღნიშნულ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიორგი ქვრივიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ქვრივიშვილმა ტელეკომპანიასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, პარტია დღეიდან საქმიანობას წყვეტს და ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკური ფიგურა აღარ იქნება.

გიორგი ქვრივიშვილი ივანიშვილ-ჩერვონეცკის შორის გარიგებას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არც პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძესთან შეხვედრას უკავშირდება.

„გავაჩერებთ საქმიანობას სავარაუდოდ. დღეიდან ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკური ფიგურა აღარ იქნება. მხოლოდ ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ეს განცხადება მურმან დუმბაძესთან არანაირ კავშირში არ არის, უბრალოდ ასე მოხდა“, – განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა, რომელიც „ბედნიერი საქართველოსთვის“ სიის მეორე ნომრად მოიაზრებოდა.

“აჭარის ტელევიზიას” პარტიის ქობულეთში მდებარე ოფისი დღეს დაკეტილი დახვდა, რომელიც დაახლოებით, ერთი თვის წინ გაიხსნა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პარტიის ხელმძღვანელობა ოფიციალური განცხადების გაკეთებას რამდენიმე დღეში გეგმავს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე ვარაუდობს, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს გაურიგდნენ და კიევის ყოფილმა მერმა წინასაარჩევნო აქტივობაც ამიტომ შეამცირა.

„ლეონიდ ჩერნოვეცკისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ, ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური აქტიურობა საქართველოში შეაჩერა და ის ამ პერიოდში შემოიფარგლება მხოლოდ ქობულეთით. არ არის გამორიცხული, რომ ორ მილიარდერს შორის რაღაც გარიგება შედგა“, – აცხადებს მურმან დუმბაძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა და თურქეთი შავ ზღვაზე ერთობლივად იმოქმედებენ
შემდეგი სტატიაალასანია: პრეზიდენთან ურთიერთობებში კოალიციის ხელმძღვანელობის მხრიდან შეცდომები იყო დაშვებული