პარლამენტში ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის შემოღებასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომელიც, ცვლილების ინიციატორის, პარლამენტის წევრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ადგენს ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მარეგულირებელ ნორმებს და ვეტერინარიის 5 წლიან ინტეგრირებულ (მინიმუმ 300 კრედიტიან) სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებების გამოხატეს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტისა და წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

განხილვისას გამოიკვეთა განსხვავებული მოსაზრებები 5-წლიანი და ორსაფეხურიანი (4+2) სწავლების თაობაზე. ოთარ დანელიას განმარტებით, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია მავნე პათოგენების შემოჭრა-შემოტანისაგან დაცვის, ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიღწევა-შენარჩუნების მიზნით, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ბიოუსაფრთხოებასთან, სურსათის უვნებლობასთან, ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების ექსპორტთან, იმპორტთან და საერთაშორისო ტრანზიტულ გადაზიდვებთან.

მისი თქმით, სხვადასხვა დაავადებების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოღწევა და გავრცელება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკონომიკას, მცირდება ცხოველთა სულადობა, ირღვევა აგროწარმოება, იკლებს პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი. „დღეისათვის ვეტერინარს არ აქვს რეცეპტის გამოწერის უფლება, რაც ქმნის ბარიერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და წარმოადგენს ხელისშემშლელ პირობას როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე საერთაშორისო ვაჭრობაში“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ხანგრძლივი განსჯის შემდეგ მხარეები შეჯერდნენ, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენით განსახილველად წარმოდგენილი სახით გავა, რაც ვეტერინარიის 5-წლიან ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლას ითვალისწინებს.

მერე მოსმენით კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიშატილში ჩამოშლილი კოშკის სრულ რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომდევნო წელს დაასრულებს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს