“ოცნების” პარლამენტმა, რომლის უმრავლესობასაც ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდნენ, “ქოლ-ცენტრების” საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა დაბლოკეს.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისის შექმნას 2 წლის წინ პარლამენტში გახარიას გუნდი ითხოვდა. ინიციატივას მხარს უჭერდა საპარლამენტო ოპოზიცია.
“ოცნებას მოვუწოდებთ, ახლა მაინც შექმნან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქოლ-ცენტრების საქმეზე. თუ ამ დანაშაულებრივი ფულით თქვენვე არ სარგებლობთ, თქვენივე ინტერესი უნდა იყოს ამ დანაშაულის სრულყოფილი გამოძიება და სიმართლის დადგენა არჩევნებამდე, რათა საფრთხე არ შეექმნას არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას”. – თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
2023 წლის პირველ მაისს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ „ქოლცენტრების” შესახებ კომისიის შექმნას, მხარს არ დაუჭერენ.
„ქოლცენტრების შესახებ კომისიის შექმნას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ამას აქვს თავისი მიზეზი: ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველოს პარლამენტი არის საგამოძიებო ორგანო. წარმოიდგინეთ, ყველაფერს რომ მხარი დავუჭიროთ, ყველა განცხადებას კომისიის შექმნაზე, რაზეც შემოიტანეს ინიციატივები – საკანონმდებლო საქმიანობას საერთოდ უნდა შევეშვათ და შევითავსოთ საგამოძიებო ორგანოს ფუნქცია“, – ამბობდა მაშინ მდინარაძე.
გიორგი გახარიას გუნდის ინიციატივა ჩავარდა. ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა კენჭისყრაზეც ვერ გავიდა. უმრავლესობის წევრებმა რეგისტრაცია არ გაიარეს, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა.
გახარიას გუნდმა მაშინ ეჭვი გამოთქვა, რომ ევროპელი პენსიონრების ძარცვის საერთაშორისო თაღლითურ ქსელს საქართველოში ხელისუფლება მფარველობს.
ქოლ-ცენტრების საკითხი დღეს მას შემდეგ გახდა კიდევ უფრო აქტუალური, რაც პროკურატურამ თქვა, რომ სუს-ის ყოფილი შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი წლების განმავლობაში ქოლ-ცენტრებს მფარველობდა და სანაცვლოდ მილიონებს თანამზრახველებთან ერთად ქრთამის სახით იღებდა.
გვარაკიძის უწყების ცნობით, გრიგოლ ლილუაშვილი ქოლ-ცენტრების საქმიანობას სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.


















