საკვებ პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ კომისიაზე პირველი, შეიძლება, დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელი დაიბარონ.
როგორც “ოცნების” პრემიერმინისტრმა რამდენიმე საათის წინ “იმედის” ეთერში განაცხადა, “დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტია”. მისი თქმით, ასოციაციის ხელმძღვანელმა “კეთილი უნდა ინებოს მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი და არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს”.
კონკრეტული ოპოზიციური ტელევიზიები პირდაპირ, აშკარად ხელს აფარებდნენ სადისტრიბუციო ბიზნესს, ასევე ქსელებს და პირდაპირ აქცენტი ხელოვნურად გადაჰქონდათ დღგ-ზე, რაც პირდაპირ აჩენს ეჭვს, რომ იყო პოლიტიკური, სუბიექტური ინტერესებიც. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ისიც, რომ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, ასევე, სხვა მიმართულებითაც იკვეთება მათი პირდაპირი თანამონაწილეობა. ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერები. ისევ ისინი ლაპარაკობენ მაღალ ფასებზე და თვითონ ადებენ მაღალ ფასნამატს, რაც საბოლოო ჯამში, ფასების ზრდას იწვევს. ყველა ამ ადამიანს მოუწევს პასუხების გაცემა. კეთილი ინებოს და ამ ასოციაციის ხელმძღვანელი მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს და საზოგადოებამ უნდა ნახოს და შეაფასოს ეს ყველაფერი. თუ ვერ დაასაბუთებენ, მაშინ კეთილი ინებონ და დაწიონ ფასები. არ შეიძლება ასმა ადამიანმა იძალადოს ოთხ მილიონ ადამიანზე. თუ ჩვენ დავადგენთ, რომ 100 ადამიანი ძალადობს ოთხ მილიონ ადამიანზე, აქაც სახელმწიფო უნდა ჩაერიოს,” – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება. კობახიძემ პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა სთხოვა.
აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუს-მა დაიწყო.



















