პარლამენტში სასამართლო რეფორმის შეფასების დოკუმენტებზე იმსჯელეს

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროცესის ნაწილია.

შეხვედრის მონაწილეებმა შინაარსობრივად განიხილეს სასამართლო რეფორმის შეფასების ორ დოკუმენტში არსებული საკითხები. ერთი დოკუმენტი წარდგენილია ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ, ხოლო მეორე – პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ მიერ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე დაიწყო იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომელთან დაკავშირებითაც საჭიროა დისკუსია და მსჯელობა.

„დღეს ერთმანეთს შევხვდით „ქართული ოცნების“ წევრები და ოპოზიციის ის წარმომადგენლები, ვინც მონაწილეობენ 12-პუნქტიანი გეგმის სამუშაო ფორმატებში. მიმოვიხილეთ კონკრეტული საკითხები და გავცვალეთ პოზიციები დოკუმენტებთან დაკავშირებით. მომდევნო შეხვედრაზე გავაგრძელებთ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით მსჯელობას. ყველა საკითხი, რომელიც მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული კონკრეტული პარტიის მხრიდან, მსჯელობის საგანი გახდება. ჩვენ შეგვიძლია ყველა საკითხზე არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ. ასევე, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ საკითხების იდენტიფიცირებას. დავგეგმეთ და ხვალ პარლამენტში მოვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლებს ვინც სასამართლო თემატიკასთან დაკავშირებით მუშაობენ და მათთან მოსაზრებებს გავცვლით“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი მთლიანად ეთმობა იმ პრობლემებს, რომლებიც სასამართლოში რეფორმის შედეგად დღემდე დაგროვდა.

„ჩემ მიერ წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე დავიწყეთ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელიც მიმაჩნია, რომ დღეს სასამართლოში არსებობს. ეს შეეხება იუსტიციის საბჭოს, იუსტიციის უმაღლეს სკოლას, მოსამართლეთა დანიშვნის წესს, მოსამართლეთა სამი წლის ვადით დროებით განწესების წესს და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ნაწილს. ბევრი საკითხია, რაზეც შემდგომში დეტალური მსჯელობა გვექნება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიარ მივცემთ რუსეთს უფლებას, საფრთხე შეუქმნას ჩვენს უსაფრთხოებას გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით – ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი
შემდეგი სტატიასტამბოლში მუშაობა დაიწყო საკოორდინაციო ცენტრმა, რომელიც მარცვლეულის დერეფანს გაუწევს მონიტორინგს