პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ კონფერენციაზე ევროკავშირთან ურთიერთობის მიზნებზე ილაპარაკა.

„ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტმა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა, საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული და ლიბერალური რეფორმების წარმატება კიდევ ერთხელ დაადასტურა. მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს წარმატება ყველას: პარლამენტს, მთავრობას და სამოქალაქო სექტორს. საქართველო უკვე უპირობოდ აღიარებულია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად, თუმცა ეს ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენი ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ევროკავშირის მომავლის თაობაზე თავად მის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებობს. ამის მიუხედავად, ქართული საზოგადოება სულ უფრო მეტად იზიარებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, რაც ნიშნავს, რომ დასავლური თანამეგობრობის წევრობა ხელისუფლების სურვილი კი არა, ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინებაა. სასიხარულოა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ არის მხოლოდ ხელისუფლების მიზანი და საზრუნავი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იყო და არის ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის აზრების გაცვლა და ძალისხმევის კოორდინირება მისასალმებელია და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, – დასძინა კობახიძემ.

დღეს პარლამენტში კონფერენცია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი ნაადრევია”- საია-ს თავმჯდომარე
შემდეგი სტატიაიური დერევიანკო: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო კიევის დროით 11.30 საათზე დაიწყება