პარლამენტში რამდენიმე თანამდებობა ვაკანტურია

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში რამდენიმე თანამდებობა ვაკანტური გახდება.

საპარლამენტო უმრავლესობიდან თამარ ჩუგოშვილისა და ზვიად ძიძიგურის წასვლის შემდეგ, ვაკანტური გახდა პირველი ვიცე-სპიკერისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობები. ასევე ვაკანტურია სამი კომიტეტის – საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები, რადგან საპარლამენტო უმრავლესობიდან და თანამდებობებიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს სოფო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ და მარიამ ჯაშმა.

ამასთან, ვაკანტური იქნება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები, რადგან უმრავლესობიდან ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილიც წავიდნენ.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პოლიტიკური განაცხადის შემდეგ აღნიშნული დეპუტატების გადაწყვეტილებაზე მიმართვა ბიუროს სხდომას უნდა წარედგინოს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

ამის შემდეგ უმრავლესობის რიგების და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი პარტიულ თანამდებობებსაც ტოვებს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი : წარმოიდგინეთ, მე და ეკა ბესელია ერთად ვისხედით გუშინ