პარლამენტში მიწისქვეშა გვირაბებით დეპუტატებს შეუძლიათ შენობაში შესვლა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ეტაპზე, არც ერთი გვირაბი არ ფუნქციონირებს

„ბიუროს სხდომაზე ვერავინ შევა, მათ შორის ვერც ჩემი კოლეგები, რომლებიც დემაგოგიურად ღვრიან ნიანგის ცრემლებს კონსტიტუციის წაბილწვის შესახებ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არ აქვთ მორალური უფლება, რომ ამ პარლამენტის ფარგლებში ხალხს წარმოადგენდნენ.

„ნუთუ ჩემს კოლეგებს არ ახსოვთ, რომ სამი თვის განმავლობაში ეს პარლამენტი იყო პარალიზებული, რუსთაველის გამზირიც იყო პარალიზებული. მაშინ კომიტეტის სხდომები იმართებოდა ხან ერთ სასტუმროში, ხან – მეორეში. ეს კონსტიტუციური იყო? საკუთარ თვალში, რომ დირეს ვერ ხედავენ და სხვის თვალში, რომ ბეწვს ხედავენ, ეს არის კონსტიტუციის დაცვა? არაკონსტიტუციური არის ეს რეჟიმი. ყველაფერი ხელში ჩაიგდო ივანიშვილმა. მას ეკუთვნის პარლამენტი, ყურმოჭრილი დეპუტატების სახით, მას ეკუთვნის სასამართლო“,- განაცხადა გოცირიძემ.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები საკუთარ ძალაუფლებასა და საკუთარ ჯიბეზე დარდობენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ პარლამენტის სხდომები ქუთაისში ჩატარდეს, გოცირიძემ განაცხადა:„რა გგონიათ, ქუთაისში არ არიან პატრიოტები და იქ შეძლებენ ჩაატარონ სხდომები? ან თბილისიდან ქუთაისში ვერ ჩავლენ, როგორც ქუთაისელები ჩამოვიდნენ თბილისში? საქართველო პატარაა, სამი საათი უნდა ერთი ადგილიდან მეორეში მისვლას“,- განაცხადა მან.

გოცირიძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარლამენტში მიწისქვეშა გვირაბებით დეპუტატებს შეუძლიათ შენობაში შესვლა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ეტაპზე, არც ერთი გვირაბი არ ფუნქციონირებს.

„მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და გარდა ამისა, აქვე, სულ რაღაც 200 მეტრში ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ყველა გვირაბი მაქვს შემოწმებული და მინდა გითხრათ, რომ ისინი დიდი ხანია ამოვსებული და ჩამონგრეულია,თხუნელაც კი ვერ გაძვრება მასში“, – განაცახადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“ერთ კაი ჩაისაც დავლევთ, თუკი ასეთ განცხადებას გააკეთებენ”-გოცირიძე კალაძის განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიაივანიშვილმა, რომ უთხრას, ბრიფინგზე ჟუჟუნა წვიმა იმღერეო, გამოვა და იმღერებს – მელია კალაძის განცხადებაზე