პარლამენტში მინიმალური ხელფასის 1050 ლარით განსაზღვრაზე დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივა დარეგისტრირდა.
ინიციატივა ფრაქციას „საქართველოსთვის“ ეკუთვნის.
ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, სამწუხაროდ, პარლამენტმა კენჭისყრაზე ინიციატივა ჩააგდო საქართველოში მინიმალური ხელფასის 1050 ლარის დაწესების შესახებ იმ მიტივაციით, რომ საკითხი სათანადოდ შესწავლილი არ არის.
„სწორედ ამიტომ ახალი ინიციატივა დავარეგისტრირეთ. ეს იქნება სამი თვის განმავლობაში მოქმედი კომისია, რომელსაც საშუალება ექნება, ამ საკითხის შესწავლა გამჭვირვალედ აწარმოოს და შესაბამისი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მოიწვიოს, მათ შორის დამოუკიდებელი ექსპერტები და ნებისმიერი პირი, ვისაც შეუძლია, ამ საკითხს დამატებითი ღირებულება შესძინოს. „ოცნებას“ არანაირი საფუძველი არ ექნება, რომ ამ კომისიის შექმნაზე უარი თქვას, რადგან მათ უკვე ის არგუმენტიც გაუქარწყლდებათ, რა არგუმენტითაც, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწირეს სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობისთვის მაშინ, როდესაც ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდეს“, – განაცხადა შარაშიძემ.

















